კალაძე: სოკარმა თუ სრულად დაგვაკმაყოფილა, რუსულ გაზს აღარ შემოვიტანთ

კახა კალაძე
ტაბულა

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ადასტურებს მოლაპარაკებათა არსებობას სოკართან და შაჰ-დენიზის საერთაშორისო კონსორციუმთან. ვიცეპრემიერი ამბობს, რომ ამ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, საქართველო რუსულ და ირანულ ბუნებრივ აირს აღარ შეიძენს.

"ჩვენ არა მხოლოდ სოკართან, არამედ კონსორციუმთან აქტიურად ვმუშაობთ იმასთან დაკავშირებით, რომ გვქონდეს შესაძლებლობა, დამატებითი მოცულობების გამოტარება მოხდეს შაჰ-დენიზის მილსადენში. ვფიქრობ, რომ ჩვენ გარკვეულწილად მოვახერხებთ ამ შეთანხმების მიღწევას, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული და თუ ეს მოხდა, რა თქმა უნდა, დამატებითი მოცულობების შემოტანის აუცილებლობა არ იქნება რუსეთიდან, არც ირანიდან",- თქვა კალაძემ.

საუბარია საქართველოზე გამავალი შაჰ-დენიზის მილსადენზე, რომლის მეშვეობითაც აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპას მიეწოდება. ამ გაზსადენში დამატებითი ბუნებრივი აირის მიწოდების შემთხვევაში გაზპრომთან მოლაპარაკებები საქართველოს ბუნებრივი აირის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო აღარ იქნება.

კომენტარები