საქართველოს უმსხვილეს ჰიდროელექტროსადგურ ენგურჰესში მხოლოდ ორი კვირის სამყოფი წყლის მარაგია დარჩენილი, წყლის ამოწურვის შემდეგ აფხაზეთი შესაძლოა, ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ამბობს, რომ საქართველო ამ დროისთვის აფხაზეთისთვის დენის ალტერნატიული წყაროდან მიწოდებაზე მუშაობს.
"წყლის ნაკლებობა იყო წელს, არ იყო ისეთი შემოდინება, როგორიც იყო წლების განმავლობაში. შემიძლია ვთქვა, რომ მარაგი არის დაახლოებით ორი კვირის, რომელიც მიეწოდება აფხაზეთს და საშიშროება არის იმისა, რომ ვერ შევძლოთ ელექტროენერგიის მათთვის მიწოდება. ეს ინფორმაცია აფხაზური მხარისთვის მიწოდებული გვაქვს და ვმუშაობთ ერთობლივად, რომ ეს პრობლემა რაიმე გზით მოვაგვაროთ", - ამბობს კალაძე.
აფხაზეთს ელექტროენერგიით კომპანია ჩერნამორენერგო ამარაგებს, რომელიც ელექტროენერგიას ენგურჰესიდან იღებს.





