სასამართლო სისტემა

კოჟორიძე: შეჩერდეს მოსამართლეთა დანიშვნის ხარვეზიანი პროცესი

გადაცემა ფოკუსი/ტაბულა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციას "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" შეხვდნენ. მათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირების საკითხზე და სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ უნდა შეჩერდეს მოსამართლეთა დანიშვნის ხარვეზიანი პროცესი და საქართველოს პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა გაატაროს სისტემური რეფორმები.

„საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო გამოსვლისას დღის წესრიგში დააყენა სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემები. ჩვენი საერთაშოსო პარტნიორები საქართველოში არსებული პრობლემების ჩამოთვლას იწყებენ იუსტიციის საბჭოს საქმიანობის აღწერით და დღეს ჩვენ არავის არ გვაქვს უფლება, მშვიდი სახეებით ველოდოთ, როდის დაინგრევა საქართველოში სამართლიანი სასამართლოს შექმნის იმედი. ქვეყანას სჭირდება არა ისეთი მოსამართლეები, რომლებიც უარს იტყვიან საკუთარ სახელსა და გვარზე, არამედ ისეთი მოსამართლეები, რომლებიც იამაყებენ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით", - აღნიშნა კოჟორიძემ.

პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია საუბრობს სისტემურ რეფორმებზე და ამ პროცესში ყველას მოეთხოვება, რომ სწორი ხედვები და პოზიციები დააფიქსიროს სისტემური რეფორმების მოგვარების თვალსაზრისით. კოჟორიძის შეფასებით, ეს, პირველ რიგში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მოეთხოვება.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე კი ამბობს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმებთან დაკავშირებით პრეზიდენტის კონკრეტული რეკომენდაციები და წინადადებები, რომლებზეც მან საპარლამენტო გამოსვლისას ისაუბრა, არ უნდა დარჩეს უბრალოდ ნათქვამად. მისი თქმით, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, მთავრობამ, საკანონმდებლო ორგანომ, რომლებმაც მხარი დაუჭირეს პრეზიდენტის წინადადებებს, ყველა ზომა უნდა მიიღონ იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ რეფორმირდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

„ფაქტია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ სარგებლობს საზოგადოების ნდობით, შესაბამისად, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიც ვერ ისარგებლებს საზოგადოების ნდობით. საბჭო, დღევანდელი შემადგენლობით, შეუთავსებელია და ორგანულ წინააღმდეგობაშია სამართლიანი მართლმსაჯულების იდეასთან. სასამართლო ხელისუფლებასთან და იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით სისტემური პრობლემებია და ყველა, იქნება ეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, აღმასრულებელი ხელისუფლება, საკანონმდებლო ხელისუფლება, არასამთავრობო სექტორი - უნდა ვიყოთ მობილიზებული იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაიჭრას", - აღნიშნა გიორგი კვერენჩხილაძემ.

არასამთავრობო კოალიციის წარმომადგენლების განცხადებით, საზოგადოებაში არის ფართო კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლეები არ შეიძლება ინიშნებოდნენ გაუმჭვირვალე, დაუსაბუთებელი, უსამართლო სისტემით და არ შეიძლება კულუარული გარიგებებით დანიშნულ ადამიანებს ებაროს ქვეყანაში მართლმსაჯულების ბედი.

საიას თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის თქმით, საზოგადოება ამ მიმართულებით არის ერთიანი. მისი შეფასებით, "სამწუხაროდ, მხოლოდ საბჭო ვერ ხედავს, რამდენად სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს თავისი მოქმედებებით სასამართლო სისტემას და ზოგადად ქვეყანას". ნაცვლიშვილის თქმითვე, საჭიროა ფუნდამენტური რეფორმები და არა მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებები.

კომენტარები