გიგანტური ხეები

აჭარის მთავრობის სახლთან ენმ-მ აქცია "არ გადამრგო" გამართა

აჭარის მთავრობის სახლთან ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ აქცია - არ გადამრგო - გამართა. პარტიის წევრებმა ციხისძირის ყოფილი სანერგე მეურნეობიდან ასწლოვანი ხეების გადარგვა გააროტესტეს.

სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, ენმ-ის აქტივისტებმა აჭარის მთავრობის სახლის წინ ხეებს პლაკატები წარწერებით - "არ გადამრგო" - ჩამოჰკიდეს. პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლის გელა დეკანაძის თქმით, თითოეულმა ადგილობრივმა უნდა დაიცვას ასწლოვანი ხეები განადგურებისგან.

"დაიწყო ბულვარის დამახინჯებით და გრძელდება ასწლოვანი ხეების გადარგვით. ყველა ლამაზი ხე ბათუმში პოტენციურად ბიძინა ივანიშვილისთვის მიმზიდველია. შესაძლებელია, დღეს ეს ხეები უკანასკნელად ვნახოთ, ხვალ კი ბიძინა ივანიშვილის მამულში იქნება გადატანილი. დავიცვათ ხეები, დავდგეთ თითოეულ ხესთან და ასე გავაპროტესტოთ ვანდალიზმი", - თქვა დეკანაძემ.

ენმ-ის წარმომადგენლებმა ციხისძირში კარვებიც გაშალეს და მორიგეობაც დააწესეს. მათი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს ხეების გადატანის უფლებას არ მისცემენ.

ცნობისთვის, აჭარის მთავრობამ გასული წლის 31 დეკემბერს გამოსცა ბრძანება, რომლითაც ციხისძირის ყოფილ სანერგე მეურნეობაში არსებული სამი ძირი გიგანტური ხის ამოღების უფლება კერძო კომპანიას – შპს ზიმოს მისცა. აჭარის მთავრობამ ბათუმელებს დაუდასტურა, რომ 200-წლოვანი გიგანტური ხეები ბიძინა ივანიშვილის პარკში გადააქვთ. თუმცა, აჭარის მთავრობის მტკიცებით, "დენდროლოგიური პარკი გადაეცემა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს და გაჩნდება კიდევ ერთი საზოგადოებრივი სივრცე".

კომენტარები