ბიუროკრატია

პრემიერის განკარგულებით საპარტნიორო ფონდმა სუს-ს 102 ავტომობილი აჩუქა

Reuters

სუს-ის თანაშრომლებმა Toyota Camry-ის ქამრები შემოიჭირეს.

ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობაზე ყოფნის ბოლო დღეებში ხელი მოაწერა მთავრობის ავტოპარკის განახლების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ბრძანებას. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული განკარგულების მიხედვით, სახელმწიფოს კუთვნილ საპარტნიორო ფონდს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის 102 ავტომობილის ჩუქება დაევალა. ავტომობილების საერთო ღირებულება დაახლოებით $2 მილიონს შეადგენს. 

102 ავტომობილის შესყიდვა ბიუჯეტის გვერდის ავლით მოხდა. როდესაც საჯარო უწყებები ავტოპარკის განახლებას გეგმავენ როგორც წესი ამ ავტომობილების ღირებულება უწყებების ბიუჯეტშია გათვალისწინებული. სუს-ის შემთხვევაში კი ავტომობილების შეძენა ცენტრალური ბიუჯეტის გვერდის ავლით, სახელმწიფოს კუთვნილი საინვესტიციო ფონდის მოგებიდან მოხდა. 

ავტომობილების შესყიდვის შედეგად სუს-ის 36 მილიონიანი ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა. რეალურად კი ბიუროკრატიული ხარჯები $2 მილიონით გაიზარდა. უცნობია თუ რა საჭიროებას წარმოადგენდა ავტომობილების 2015 წლის დეკემბერში შესყიდვა და რატომ ვერ შეიძენდა სუს-ი ამ ავტომობილებს 2016 წლის ბიუჯეტით.

საპარტნიორო ფონდის არსებობის მიზანს არ წარმოადგენს ცენტრალური მთავრობისთვის ბიუროკრატიული ხარჯების დაფინანსება და ავტომობილების შესყიდვა. 2011 წელს საპარტნიორო ფონდი შეიქმნა იმ მიზნით, რომ მან სახელმწიფო საწარმოები ეფექტურად მართოს და მიღებული მოგებით საინვესტიციო პროექტები დააფინანსოს. როდესაც ცენტრალური მთავრობა ფონდის მოგებიდან აფინანსებს საკუთარ ბიუროკრატიულ ხარჯებს ეს ფონდს აცლის ფინანსურ რესურს, რომელიც სხვა შემთხვევაში რომელიმე საინვესტიციო პროექტს, მაგალითად სასტუმროს, ქარხანას ან ჰესს შეიძლება მოხმარებოდა. 

2015 წლის მანძილზე ეს ავტომობილების მსხვილი შესყიდვის ერთადერთი ფაქტი არ ყოფილა. წინა წელს ფინანსთა სამინისტრომ EBRD-ის ფორუმისთვის 67 ერთეული Toyota Camry შეიძინა. მთავრობა ამ ავტომობილების შესყიდვის აუცილებლობას ბიზნეს ფორუმის დახვედრით ხსნიდა, თუმცა ფორუმის დახვედრისთვის მას ავტომობილების ქირით აღებაც შეეძლო, რაც ბიუჯეტს დაახლოებით 90%-ით უფრო იაფი დაუჯდებოდა. 

კომენტარები