ენერგეტიკა

კალაძე: Frontera ბუნებრივი აირის თურქენეთზე დიდ მოცულობაზე საუბრობს

theenergycollective.com

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის თქმით, ამერიკულ ენერგოკომპანია Frontera-ს მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულებაში, რომელიც ყოველწლიურად ახლდება, არაფერია ნათქვამი საქართველოში ბუნებრივი აირის იმ დიდი მარაგების მოსაპოვებელ სამუშაოებზე, რომელზეც კომპანია საუბრობს.

„ისეთ მოცულობებზე იყო საუბარი, რომელიც არ გააჩნია თურქმენეთს და სხვადასხვა ქვეყნებს, რომლებიც ნავთობის და გაზით მოპოვებით არიან დაკავებული. შესაძლოა, მიწისქვეშ იყოს გარკვეული მარაგები, თუმცა ამის დასამტკიცებლად განსახორციელებელია მილიარდობით ინვესტიციები და მერე უნდა იქნას გადაწყვეტილება მიღებული, დამტკიცების შემთხვევაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და სწორი იქნება ფინანსურად, კომერციულად, ბიზნესის თვალსაზრისით ამ გაზის ამოღება. თუმცა, ფრონტერა 20 წელია, საქართველოში მოღვაწეობს და მათ მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულებაში, ლიცენზიაში, რომელიც ყოველ წლიურად ახლდება, ამ სამუშაოების განხორციელებაზე რაიმე წინადადება არ არის", - ამბობს კალაძე.

Frontera-ს ინფორმაციით, სამხრეთ კახეთის რეგიონში არსებული ბუნებრივი აირის მარაგები შესაძლოა 5.3 ტრილიონ კუბურ მეტს შეადგენდეს. Frontera-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივ ნიკანდროსმა Atlantic Council-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, საქართველოსა და უკრაინაში, გაცილებით უფრო დიდი მოცულობის ფიქლის ნავთობისა და გაზის მარაგებია, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში Frontera-ს განცხადებებს სკეპტიკურად უყურებენ. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი ამბობს, რომ უწყებას არ აქვს მასალები, რომელზე დაყრდნობითაც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველო ბუნებრივი აირის ექსპორტიორი ქვეყანა გახდება.

Frontera საგარეჯოს რაიონში ბუნებრივ აირს უკვე მოიპოვებს. 2014 წლის ზაფხულიდან მწარე ხევის საბადოზე მოპოვებული ქართული ბუნებრივი აირი მოსახლეობას მიეწოდება, თუმცა მისი მოცულობა მცირეა. Frontera-ს მტკიცებით კი, მხოლოდ ამ საბადოს მოცულობა 42 მილიარდი მეტრ კუბია. ენერგეტიკის სამინისტროში ამბობენ, რომ არანაირი გარემოება, რაც საქართველოში ამ მოცულობის გაზის მარაგის არსებობას დაადასტურებდა, არ არსებობს. Frontera საქართველოში 1997 წლიდან აწარმოებს კვლევით სამუშაოებს.

Frontera-ს აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. კახეთის მარაგების შესახებ გაკეთებული განცხადებების შემდეგ კომპანიის აქციების ღირებულება 17%-ით გაიზარდა.

კომენტარები