ეროვნული ბანკი

ქადაგიძე: ეროვნულ ბანკზე კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას

გიორგი ქადაგიძე
ტაბულა

საკონსტიტუციო სასამართლომ ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა დაიწყო. სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძესაც კითხავენ. ქადაგიძის თქმით, "კანონპროექტი იმ ფორმით, რა ფორმითაც არის შემოთავაზებული, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ვინაიდან ეროვნული ბანკი ვერ შეძლებს თავისი საკონსტიტუციო მანდატის შესრულებას". მისი თქმით, სუბორდინაციის თვალსაზრისით სააგენტოსა და ეროვნულ ბანკს შორის არანაირი კავშირი არ არსებობს.

"კანონმდებელმა თვითონაც იცოდა კონსტიტუციასთან ამ მუხლების შეუსაბამობა. კანონპროექტშივე ჩაწერა ტერმინი, რომ ეროვნული ბანკი ხელს უწყობს ფინანსურ სტაბილურობას საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მეშვეობით. ამ ფრაზით იყო მცდელობა, რომ მოხდეს იმდაგვარი განმარტება, თითქოს ეროვნული ბანკი მაინც გააგრძელებს ამ სააგენტოს მეშვეობით ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობას. ესეც, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგანაც ზუსტად იგივე წარმატებით შეიძლებოდა დაწერილიყო, რომ ეროვნული ბანკი ფინანსურ სტაბილურობას ხელს უწყობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მეშვეობით ან სასამართლოს ან სხვა მესამე უწყების საშუალებით. არანაირი კავშირი სუბორდინაციის თვალსაზრისით არ არსებობს სააგენტოსა და ეროვნულ ბანკს შორის", - აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ ინტერპრესნიუსის ცნობით.

საკონსტიტუციო სარჩელი თავისუფალმა დემოკრატებმა და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მოამზადეს. მათი შეფასებით, თამაზ მეჭიაურის მომზადებული და პარლამენტის მიერ მიღებული კანონი არაკონსტიტუციურია, რადგანაც ის ეროვნულ ბანკს კონსტიტუციურ მანდატის - საფინანსო ზედამხედველობის აღსრულების საშუალებას ართმევს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის პეტრე ცისკარიშვილის თქმით, სადავო ნორმა დამოუკიდებელ ინსტიტუტზე შეტევის ნათელ მაგალითს წარმოადგენს.

სადავო ნორმის მიღებას საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები ეწინააღმდეგებოდნენ. მათ მაშინდელი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე კრიტიკული წერილი გაგზავნეს და მთავრობას მეტი წინდახედულობის გამოჩენისკენ მოუწოდეს, თუმცა ქართული ოცნების უმრავლესობამ არც პრეზიდენტის ვეტო და მოტივირებული შენიშვნები და არც საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკა არ გაითვალისწინა და ისე მიიღო აღნიშნული კანონი. 

კომენტარები