თბილისის ოთხ რაიონს და ახალქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დაგეგმილი სამუშაოების გამო, თბილისის ოთხ რაიონს, ასევე, ახალქალაქის ნაწილს და მიმდებარე სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. ინფორმაციას კომპანია თელასი და ენერგოპროჯორჯია ავრცელებენ.

თბილისში ელექტრომომარაგების შეზღუდვა ნაძალადევის, მთაწმინდის, ისნის და საბურთალოს რაიონებს შეეხება.

ნაძალადევის რაიონში, ავარიის პრევენციის მიზნით, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, სოფელ გლდანის და ავშნის ქუჩის მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგია რუსთაველის გამზირის, ჩიტაძის და ბათუ კრავეიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს შეეზღუდება.

ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტაშკენტის, ბუდაპეშტის, კანდელაკის და ალექსიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აცხადებს თელასი.

ახალქალაქის ნაწილსა და მიმდებარე სოფლებს კი, ელექტროენერგიის მიწოდება ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შეეზღუდება. ენერგო-პრო ჯორჯიას ცნობით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე დენი არ ექნება 3460 აბონენტს ახალქალაქის ნაწილსა და მიმდებარე სოფლებში; ხოლო 15:00 საათიდან 18:00 საათამდე 7050 აბონენტს ახალქალაქში მთლიანად და მის მიმდებარე სოფლებში. 

"სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად უმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა და ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი", - ნათქვამია ენერგო-პრო ჯორჯიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები