აკირა ამარი გადადგა

იაპონიის ეკონომიკის მინისტრი, კორუფციაზე ბრალდებების გამო, გადადგა

Japantimes

იაპონიის ეკონომიკის მინისტრმა, აკირა ამარიმ, თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან დღეს ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მიზეზად აკირა ამარი კორუფციასთან დაკავშირებულ ბრალდებას ასახელებს.

კორუფციაში მინისტრსა და მის თანაშემწეებს ადგილობრივი პრესა ადანაშაულებდა. იაპონური ჟურნალის ინფორმაციით, მათ სამშენებლო კომპანიამ თანხა გადასცა მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული დახმარების სანაცვლოდ. აკირა უარყოფს ქრთამის აღებას და ირწმუნება, რომ მიღებული თანხის პოლიტიკურ შემოწირულობად დეკლარირებას აპირებდა, მაგრამ მისმა თანამშრომლებმა ვერ შეძლეს მისი სწორი განაწილება.

Reuters-ის, თანახმად აკირამ განაცხადა, რომ რადგან იაპონია თავს აღწევს დეფლაციას და საჭიროა ამ მიმართულებით სწრაფი ნაბიჯების გადადგმა, ყველაფერი, რაც ხელის შემშლელია, უნდა აღმოიფხვრას. მათ შორის, გამონაკლისი არც თავადაა და საკუთარ თანამშრომლებზე პასუხისმგებლობას, როგორც მინისტრი, თავის თავზე იღებს.

ამარი იაპონიის ეკონომიკის მინისტრი 2012 წლიდან იყო და პრემიერმინისტრის შინზო აბესთვის ერთ-ერთ ყველაზე სანდო ფიგურად მოიაზრებოდა.

კომენტარები