ლარის კურსი

ჭიაბერაშვილი: ტყემალაძის განცხადება ლართან დაკავშირებით ცინიკურია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამოქალაქო საზოგოადებასთან ურთიერთობის მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი ზურაბ ტყემალაძის იმ განცხადებას პასუხობს, რომლის თანახმადაც, ლარი არ გაუფასურებულა, მხოლოდ მისი გაცვლითი კურსი დაეცა დოლართან მიმართებაში.

"ტყემალაძის განცხადება ლართან დაკავშირებით, ცინიკურია. ათიათასობით მოქალაქეა შეწუხებული ლარის კურსის ვარდნით და ამ დროს მთავრობის წარმომადგენელი ამბობს, რომ პრობლემა არ გვაქვს, ლარი არ გაუფასურებულა. რა თქმა უნდა, მისთვის, უმრავლესობისა და მთავრობის წარმომადგენელთათვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ლარის კურსის მდგომარეობას, მაგრამ ძალიან ბევრი მოქალაქის ოჯახს ეს პირდაპირ ურტყამს და ქვეყნის გაღარიბებას იწვევს. ამ მთავრობის პირობებში შეუძლებელია მდგომარეობის გამოსწორება, რადგან ისინი პრობლემას არც აღიარებენ", - თქვა ჭიაბერაშვილმა.

დღეს ლარის არსებობის ისტორიაში გაუფასურების ახალი მინიმუმი დაფიქსირდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი დოლარი 2.47 ლარი ღირს. ლარი კიდევ უფრო მეტად გაუფასურდებოდა, ეროვნულ ბანკს საკუთარი რეზერვებიდან $20 მილიონი დოლარი რომ არ გაეყიდა. ამ ინტერვენციის შედეგად ლარი დაახლოებით ერთი თეთრით გამყარდა. 

ლარი დღესვე ევროს მიმართაც გაუფასურდა, ახალი ოფიციალური კურსით, ერთი ევრო 2.6766 ლარი ღირს. ლარის გაუფასურება რეგიონში გაუარესებულ ეკონომიკურ ვითარებას უკავშირდება. 

ლარის არსებობის ისტორიაში წინა ყველაზე უარესი გაცვლითი კურსი აზიის ფინანსური კრიზისის გამო 1999 წლის 8 მარტს იყო, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა. 

კომენტარები