ლიტვინენკოს საქმე

ლიტვინენკოს მკვლელობის უკან, სავარაუდოდ, ვლადიმირ პუტინი დგას

ლონდონის სასამართლო, რომელიც ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობის საჯარო გამოძიებას ატარებს, ახალ დეტალებზე საუბრობს, რომელთა მიხედვითაც შესაძლოა, ლიტვინენკოს მკვლელობის უკან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იდგეს.

სასამართლოს თავმჯდომარის, სერ რობერტ ოუენის განცხადებით, სავარაუდოდ, სწორედ პუტინმა მოაწერა ლიტვინენკოს მკვლელობას ხელი.

ლიტვინენკოს ქვრივი მარინა ლიტვინენკო ამბობს, რომ ახალი დეტალების გამოცხადებით ძალიან ბედნიერია.

"მიხარია, რომ სიტყვები, რომელიც ჩემმა ქმარმა სიკვდილის წინ თქვა (როდესაც იგი პუტინს სდებდა ბრალს მკვლელობის შეკვეთაში), ახლა ინგლისის სასამართლოს მიერ მტკიცდება", - აღნიშნა მან.

მარინა ლიტვინენკო ასევე მოუწოდებს ბრიტანეთის მთავრობას, ქვეყნიდან გააძევოს რუსი სადაზვერვო ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები, დაუწესოს რუსეთს ეკონომიკური სანქციები, შეუზღუდოს გადაადგილების თავისუფლება გარკვეულ პირებს, მათ შორის, პუტინსაც.

როგორც BBC იუწყება, ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ტერეზა მეი ვალდებულია, თემთა პალატას წარუდგინოს მთავრობის პასუხი გამოძიების შედეგებზე.

მკვლელობის შესრულებაში ბრალი ედებათ დუმის დეპუტატ ანდრეი ლუგოვოის და ყოფილ "კაგებეს" აგენტ დმიტრი კოვტუნს. ისინი მკვლელობას ამ დრომდე უარყოფენ.

სერ რობერტ ოუენის თქმით, ეს ორი ადამიანი, სავარაუდოდ, ФСБ-ს სადაზვერვო სამსახურის დავალებებით მოქმედებდა. ოუენი თავის 300-გვერდიან დასკვნაში წერს, რომ ФСБ-ს მიერ განხორციელებული ოპერაცია პრეზიდენტ პუტინისა და მაშინდელი ФСБ-ს უფროსის ნიკოლაი პატრუშევის მიერ იყო ხელმოწერილი.

ანდრეი ლუგოვოი დასკვნას რუსული საინფორმაციო სააგენტო Interfax-ის მეშვეობით პასუხობს და აცხადებს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალი სრული აბსურდია.

"როგორც ჩვენ ველოდით, სიურპრიზები არ ყოფილა. დღეს გამოქვეყნებულმა გამოძიების შედეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ლონდონის ანტირუსული პოზიცია და ლიტვინენკოს სიკვდილის რეალური მიზეზის დადგენის სურვილის არქონა", - ამბობს ლუგოვოი.

თავის მხრივ, სერ რობერტ ოუნეი აცხადებს, რომ ის დარწმუნებულია, რომ ლიტვინენკო ლუგოვოის და კოვტუნის მოკლულია. ორივე პიროვნება დაბარებულია დაკითხვაზე ბრიტანული სასამართლოს მიერ, თუმცა, რუსეთი მათ ექსტრადირებაზე უარს აცხადებს.

ოუენის აზრით, ლიტვინენკოს მკვლელობის მიზეზი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურებში მისი მუშაობა და მის მიერ ФСБ-სა და პუტინის მუდმივი კრიტიკა იყო. ასევე, მისი ურთიერთობები სხვა რუს დისიდენტებთან.

შეგახსენებთ, რომ ლიტვინენკო 2006 წელს ლონდონში, 43 წლის ასაკში, მოწამვლიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, საწამლავი - რადიოაქტიური პოლონიუმ-210 მის სხეულში ჩაის მიღების გზით მოხვდა.

კომენტარები