საპატრიარქო

პრემიერმა საპატრიარქოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 450 ათასი ლარი აჩუქა

facebook.com/KvirikashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საპატრიარქოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 450 ათასი ლარი აჩუქა. საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ინფორმაციით, თანხის გამოყოფა წინასაახალწლოდ 2015 წლის 30 დეკემბერს მოხდა, საკანონმდებლო მაცნემ თანხის გადაცემის შესახებ ინფორმაცია 15 იანვარს გამოაქვეყნა. 

თანხის ჩუქების მიზეზი საპატრიარქოს საკუთრებაში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობის ხელშეწყობაა. იმის გამო, რომ მთავრობას არ აქვს უფლება შეამოწმოს საპატრიარქოს ფინანსები დაუდგენელი დარჩება თუ რამდენად ეფექტურად დაიხარჯა მთავრობის ნაჩუქარი 450 ათასი ლარი. 

საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებული საგანმანათლებლო ცენტრისა და სასწავლო დაწესებულებების  სასწავლო პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ  „საქარ­თვე­ლოს  2015  წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქარ­თველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს  საპატრიარქოს გამოუყოს 450 000 (ოთხას ორმოცდაათი ათასი)  ლარი,  მათ შორის:

ა)   ა(ა)იპ − საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახ. სკოლა−პანსიონისათვის − 240 000 (ორას ორმოცი ათასი) ლარი;

ბ) ა(ა)იპ − საქართველოს საპატრიარქოს წმიდა სვიმონ კანანელის სახელობის      სასულიერო სწავლების ცენტრისათვის − 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

გ) ა(ა)იპ − მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური   საშუალო სკოლისათვის − 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი;

დ)  ა(ა)იპ − საქართველოს  საპატრიარქოს წმიდა ნინოს სახ. სამრევლო სკოლისათვის  −  10 000 (ათი ათასი) ლარი;

ე) ა(ა)იპ − ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახ. სამრევლო სკოლისათვის −   5 000 (ხუთი ათასი) ლარი;

ვ) ა(ა)იპ − საქართველოს საპატრიარქოს ლანჩხუთის წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიისათვის − 5 000 (ხუთი ათასი) ლარი.

         2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საერთო−სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში მოიძიოს შესაბამისი  რესურსი საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის გასაზრდელად.  

პრემიერმინისტრი                                                გიორგი კვირიკაშვილი


საქართველოს 2016 წლის ბიუჯეტის პროექტით საქართველოს მთავრობა საპატრიარქოს 25 მილიონი ლარით დააფინანსებს, ორგანიზაციის დაფინანსება გასულ წელსაც 25 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო, თუმცა ფაქტობრივად საქართველოს საპატრიარქომ მთავრობისგან უფრო დიდი მოცულობის შემოსავლები მიიღო. 2016 წლის პირველივე თვეში კი სახელმწიფომ მას დამატებით 450 ათასი ლარი გადასცა. 

კომენტარები