საპროცენტო განაკვეთი

სასამართლომ მევახშეებს საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრად ზნეობა დაუდგინა

iStockPhoto

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ზნეობა და საპროცენტო განაკვეთები ერთმანეთს დაუკავშირა. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს 2014 წელს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კერძო მევახშეთა მიერ სესხზე თვეში 10%-იანი სარგებლის მოთხოვნა საჯარო წესრიგისა და ზნეობრივ ნორმებს არღვევს. ამ პრეცედენტით, სასამართლოებს მათი პირადი შეხედულებით შეუძლიათ განსაზღვრონ, თუ რა საპროცენტო განაკვეთი არღვევს ზნეობრივ ნორმებს და ამის შესაბამისად მოახდინონ მათი კორექტირება. 

ფაქტჩეკის ანალიტიკოსის ზვიად ხორგუაშვილის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ფასების კონტროლს წარმოადგენს, რასაც კერძო მევახშეთა ბაზარზე უარყოფითი გავლენა ექნება. ხორგუაშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ ზნეობის მათემატიკური გაზომვა დაიწყო.

"ეს გადაწყვეტილება არის იგივე ფასების კონტროლი. ზედა ზღვარის დაწესება გამოიწვევს იმას, რომ ამ ტიპის სესხებზე მოთხოვნის რაოდენობა გაიზრდება. ანუ უფრო მიმზიდველი იქნება მომხმარებლისთვის კერძო მევახშესთან სესხის აღება, მაგრამ ე.წ. მევახშეების ნაწილი ფულს აღარ გაასესხებს, რადგან უმცირებენ მოგების მარჟას. მოხდება ისე, რომ მევახშეების რაოდენობა შემცირდება, მაგრამ ბაზარზე დარჩენილი უფრო ცოტა მევახშე თამაშის წესებს გაამკაცრებს. მაგალითად, კონტრაქტში უფრო მეტ უზრუნველყოფას მოითხოვს, ვადებს გაუმკაცრებს, პირგასამტეხლოს პირობებს გაუმკაცრებს მომხმარებელს. დეფიციტის გარდა, წარმოიშობა სხვა არაფულადი დანახარჯები.

საზოგადოებრივ ზნეობას მთავრობა განსაზღვრავდა საბჭოთა კავშირში. განსაკუთრებით, თუ საქმე ეკონომიკურ საქმიანობას ეხებოდა. ასევე ისმის კითხვა: 10% უზნეოა და 9.5% ზნეობას შეესაბამება? ეს-ესაა შეძლეს ის, რასაც კაცობრიობა მრავალი ათასი წლის მანძილზე ვერ აკეთებდა. ზნეობის მათემატიკური მეტრი გამოიგონეს", - ამბობს ხორგუაშვილი. 

კერძო მევახშეთა მიერ გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი 2007 წელს გაუქმდა.

კომენტარები