ეროვნული დროშის დღე

მარგველაშვილი: ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ და მზად ვართ, დავიცვათ თავისუფლება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას ეროვნული დროშის დღე მიულოცა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, სპეციალურად ამ დღისთვის ეროვნული დროშის ორიგინალი დამზადდა, რომელსაც საქართველოს გერბთან ერთად პრეზიდენტის სასახლეში შეინახავენ.

"კანონის მოთხოვნების შესაბამისად დავამზადეთ ეროვნული დროშის ორიგინალი, რომელიც საქართველოს გერბთან ერთად პრეზიდენტის სასახლეში იქნება დაბრძანებული. ჩვენ პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, ვინც ამ დროშისთვის ეწამენ და სისხლი დაღვარეს, ვინც ჩვენი სამშობლოსთვის დაიღუპა, ვინც იბრძოდა ჩვენი ქვეყნის ძლიერებისთვის.

ჩვენი დროშა არის ისტორიული სიმბოლიკის და ისტორიული გმირობის მატარებელი, მაგრამ არა მხოლოდ წარსულისკენ არის მიმართული ჩვენი დროშა, არამედ მიმართულია მომავლისკენ, რადგან როდესაც ჩვენ ამ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო სიმბოლოს ირგვლივ ვერთიანდებით, ჩვენ ყველა ვფიქრობთ იმ გამარჯვებებზე, რომელსაც მომავალში მოვიმკით.

დროშას აღმართავენ მაშინ, როდესაც სულს სწყურია თავისუფლება. დროშას აღმართავენ ყველაზე მაღლა, რათა ყველამ დაინახოს, იმისთვის რომ ყველამ იამაყოს და დღეს, როდესაც ჩვენ აღვმართავთ ამ დროშას, ჩვენ ვზეიმობთ ჩვენს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, ჩვენ აღვმართავთ ამ დროშას იმისთვის, რომ ყველამ დაინახოს - ჩვენ ვართ თავისუფალი ქვეყანა, თავისუფალი ხალხისგან შემდგარი და მეტიც, მზად ვართ, დავიცვათ ეს თავისუფლება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს სახელმწიფო დროშად 2004 წლის 14 იანვარს გამოცხადდა. მაშინ პარლამენტმა საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი დაამტკიცა. სწორედ ამ კანონის მიღების დღე, 14 იანვარი დადგინდა სახელმწიფო დროშის დღედ. სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წელს აღინიშნა.

კომენტარები