კორძაია Gazprom-ზე: სამინისტროს პასუხებს კალაძის ნათქვამი არ შეესაბამება

geonews.ge

ფრაქცია რესპუბლიკელების წევრი თამარ კორძაია ამბობს, რომ Gazprom-თან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ენერგეტიკის მინისტრის მიერ გუშინ გაჟღერებული ინფორმაცია არ შეესაბამება 30 ოქტომბერს სამინისტროდან ფრაქციაში მიღებულ პასუხებს. როგორც ცნობილია, რუსულ სახელმწიფო კომპანიასთან მოლაპარაკებებით რესპუბლიკელები გასულ წელს დაინტერესდნენ და კახა კალაძესთან ვრცელი წერილი გაგზავნეს, რაზე პასუხიც 30 ოქტომბერს მიიღეს.

"ჩვენ გვაინტერესებდა, იზრდება თუ არა რუსული გაზის მიწოდება საქართველოში, თუ იზრდება, რა სეგმენტზე. ეს არის სოციალური გაზი თუ კომერციული მოწოდება, ასევე გათვლილია თუ არა პოლიტიკური რისკები, რომელიც შეიძლება, მოჰყვეს Gazprom-თან ურთიერთობას. გუშინ ენერგეტიკის მინისტრის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია არ შეესაბამება ჩვენთვის 30 ოქტომბერს მოწოდებულ პასუხებს. ამ პასუხებში მითითებულია, რომ "სოციალური სეგმენტის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით სოკართან გაფორმებულია გრძელვადიანი ხელშეკრულება, 2009 წლიდან. სახელმწიფო Gazprom-იდან კომერციული სექტორისათვის ამ ეტაპზე არ გეგმავს ბუნებრივი აირის შესყიდვას, რადგან კომერციული სექტორი დერეგულირებულია და კომერციულ მომხმარებლებს აქვს შესაძლებობა, თავად აირჩიონ მომწოდებელი და გააფორმონ ხელშეკრულება". შესაბამისად, ამ პასუხში ჩანს, რომ არც სოციალურ გაზზე და არც კომერციულ გაზზე არ იგეგმებოდა გაზრდა რუსეთიდან გაზის ექსპორტის. გუშინ კიდევ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ უნდა გაიზარდოს იმ დეფიციტის შესავსებად, რაც აქვს საქართველოს. მაშინ, გვჭირდება დასაბუთება, რომელ სეგმენტზე გაიზარდა მოთხოვნა და რა შეიცვალა ამ ორი თვის განმავლობაში ისე, რომ ეს პირობები შეიცვალა", - ამბობს კორძაია.

კორძაიას თქმით, რესპუბლიკელებისთვის ასევე მნიშვნელოვანია, გათვლილი იყო თუ არა პოლიტიკური ფასი ამ ურთიერთობის გაღრმავების და გაზის მოწოდების გაზრდის.

"პასუხი იყო ასეთი, რომ "იმის გათვალისწინებით, რომ არ იგეგმება ამ ეტაპზე სახელმწიფოს მიერ Gazprom-იდან კომერციული გაზის შესყიდვა, პოლიტიკური რისკების მონეტიზაციის საკითხი დღის წესრიგში არ დგას". შესაბამისად, ორი თვის წინ პოლიტიკური რისკების მონეტიზაცია არ ხდებოდა, ჩვენ გვაინტერესებს, ამ ორი თვის განმავლობაში რადგან ვითარება შეიცვალა, მოხდა თუ არა და დაიწყო თუ არა პოლიტიკური რისკების მონეტიზაცია. გვჭირდება, ვიცოდეთ, რა მოხდა ფაქტობრივად ისეთი, რომ ორი თვის განმავლობაში ამ წერილის შინაარსი შეიცვალა", - ამბობს კორძაია.

კომენტარები