ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ნილს მუჟნიეკსი, საქართველოში ვიზიტის შემდეგ ანგარიშს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ საქართველომ სასამართლო სისტემის გაძლიერება და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა უნდა განაგრძოს.
"სასამართლო რეფორმებმა საქართველოში პოზიტიური შედეგები მოიტანა. კერძოდ, ეს ეხება პროკურორების შემცირებულ გავლენებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის გამჭირვალობის ზრდას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებას. თუმცა, დიდი ხნის სტრუქტურული პრობლემები ისევ სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს, განსაკუთრებით სასამართლო სისტემების დამოუკიდებლობის და ეფექტური მუშაობის მიზნით", - წერს მუჟნიესკი.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებზე და მაგალითად მოყვანილია გიგი უგულავას საქმე - საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსა და მათ ოჯახზე განხორციელებული ზეწოლა, რაც მოქალაქეების მიერ მათ სახლებთან აქციების გამართვით, შეურაცხყოფითა და მუქარით გამოიხატებოდა.
კომისარი წერს, რომ მოსამართლეების შიდა და გარე ზეწოლისგან დაცვა მთავარი პრიორიტეტია, საჭიროა მტკიცე ნაბიჯების გადადგმა, რათა გაიზარდოს პროკურატურის ანგარიშვალდებულება და მიუკერძოებლობა. აუცილებელი ცვლილებები კი ისე უნდა განხორციელდეს, რომ დავრწმუნდეთ მოსამართლის არჩევის გამჭირვალობასა და სწორი კრიტერიუმებით შერჩევაში.
კომისარი შეშფოთებულია იმ ბრალდებების გამო, რომელიც ეხება პოლიტიკურად მოტივირებული ზომების გატარებას ოპოზიციის წევრების მიმართ, განსაკუთრებით მათ წინააღმდეგ წინასწარი პატიმრობის მექანიზმის გამოყენებასთან დაკავშირებით.
ანგარიშში მოხვდა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო პროცესიც. კომისარი წერს, რომ ამ პროცესმა უამრავი კრიტიკული შენიშვნა გამოიწვია და აღნიშნავს, რომ მასთან მოსაუბრეთა უმეტესობა ნეგატიურად აფასებდა არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას.





