ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის შეფასებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ცდილობს, Gazprom-თან მოლაპარაკებებს პოლიტიკური ელფერი შესძინოს". კალაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა, რომ Gazprom-თან ხელშეკრულება ყოველწლიურად ფორმდება, წელს კი, რუსული კომპანია კონტრაქტში ცვლილებებს ითხოვს. მინისტრის განმარტებით, Gazrom-ი ქართულ მხარეს ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას სთავაზობს. კალაძის თქმით, Gazprom-ი ყოველ ათას კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში, რომელსაც რუსეთი სომხეთს საქართველოს გავლით მიაწვდის, კონკრეტულ თანხას გადაიხდის. მინისტრის მტკიცებით, რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები თანხის მოცულობაზე მიმდინარეობს.
"თუ ვინმეს უნდა, რომ ეს მოლაპარაკებები პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდეს, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს გამორიცხულია და მიუღებელია - ასეთი დონის მოლაპარაკებები პირდაპირ ეთერში არ გადაიცემა ხოლმე. როდესაც შეთანხმებების მიღწევა ხდება, მე ყველანაირად ვცდილობ, ჩავაყენო მოსახლეობა საქმის კურსში, თუმცა, არის საზოგადოების ძალიან პატარა ნაწილი, რომელსაც ჰქვია ნაციონალური მოძრაობა და მისი მხარდამჭერები. ისინი ცდილობენ, რომ ამ კომერციულ მოლაპარაკებებს შესძინონ პოლიტიკური ელფერი. მე პოლიტიკას ნამდვილად გვერდზე გადავდებდი, რადგან ჩემთვის, როგორც ენერგეტიკის მინისტრისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა იყოს განათებული, ელექტროენერგიით უზრუნველყოფილი და ქვეყანა იყოს სითბოში - ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილი. ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი ხელშეკრულებები აზერბაიჯანთან, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი. აზერბაიჯანის ინტერესები არანაირად არ ილახება, რადგან იმ მოცულობებს, რასაც ვიღებთ აზერბაიჯანიდან, არანაირი საფრთხე არ ემუქრება. წლების განმავლობაში, თუნდაც წინა ხელისუფლების დროს, გარდა იმ 10%-სა, რომელსაც ვიღებდით იმ რუსული მილსადენიდან, რომელიც სომხეთის მიმართულებით მიდის, ჩვენ ვყიდულობდით დამატებით კომერციულ მოცულობებს იქიდან გამომდინარე, რა საჭიროებაც იყო ბაზარზე. მაგალითად, 2008 წელს ქვეყანამ დამატებით იყიდა 508 მილიონი კუბური მეტრი გაზი, 2010-ში - 43 მლიონი, 2013-ში არაფერი გვიყიდია, რადგან არ იყო ამის საჭიროება" - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში გაზრდილია ბუნებრივი აირის მოხმარება.
"2012 წლიდან დღემდე 38%-ით გაიზარდა მოხმარება. 2014 წელთან შედარებით, 2015 წელს 19%-ით არის გაზრდილი მოხმარება. ეს არის გამოწვეული იმით, რომ ბევრი აბონენტის გაზიფიცირება მოვახდინეთ, გაიზარდა გაზგასამართი სადგურების რაოდენობა. დღეს ყოველდღიური მოხმარება 11 მილიონ კუბურ მეტრს გაცდა. აქედან, ექვს მილიონ კუბურ მეტრს ვიღებთ სოკარის მილსადენიდან, 2,9-ს შაჰ დენიზის მილსადენიდან და დამატებით, 2-2.5 მილიონი კუბური მეტრის შემოტანა გვიწევს იმ მილსადენიდან, რომელიც რუსეთიდან საქართველოს გავლით მიდის სომხეთისკენ, ამიტომ ის აჟიოტაჟი რაც არის ატეხილი, ეს არის თითიდან გამოწოვილი თემები, ეს არის მიზანმიმართული შავი პიარკამპანია, რომელსაც აკეთებენ პირადად ენერგეტიკის მინისტრის მიმართ, თუმდა ეს ჩემთვის არანაირი პრობლემა არ არის. მე ვმოქმედებ და გამოვდივარ იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც დღეს ჩემს ქვეყანას და ხალხს სჭირდება" - განაცხადა კალაძემ.
ენერგეტიკის მინისტრის თქმითვე, "გაზპრომის შეთავაზება არის ფულად ანაზღაურებაზე გადასვლა ანუ ათას კუბურ მეტრ გატარებულ გაზში ისინი იხდიან კონკრეტულ თანხა, და მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამ თანხაზე. ანუ მე მინდა, მივიღოთ იგივე შემოსავალი, რასაც ვიღებდით 10% ბუნებრივი აირის მიღების შემთხვევაში, რომ ფულად ანაზღაურებაზე გადასვლის შემდეგ, კონვერტაცია რომ გავაკეთოთ, ქვეყანამ მიიღოს იგივე ბენეფიტი და დამატებით, მე უნდა მქონდეს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, მივიღო ის მოცულობები ჩემი ქვეყნისთვის, რაც შიდა მოხმარებისთვის გვჭირდება. დღეს მაგალითად ჩვენ მინუსში ვართ გასული 130 კუბური მეტრის გაზზე ანუ ყოველწლიურად ხომ 10% უნდა მივიღოთ? მაგალითად, 2015 წელს ჩვენ მივიღეთ 206 მილიონი ანუ ორი მილიარდ სამოცი ათასი იყო გატარებული ამ მილსადენში. მე 2015 წელს ვიყენებ 2016 წლის კვოტას ანუ გადახარჯვაზე ვარ გადასული. ეს პრობლემა რომ ავიცილო თავიდან, ვეუბნებით, რომ მომეცით შესაძლებლობა, მე ეს მოცულობები, რაც ჩემი ქვეყნისთვის, რაც ჩემი შიდა მოხმარებისთვის მჭირდება, რომ დავაკმაყოფილო მოხმარება ანუ თბოსადგურები, თორემ მოსახლეობასთან მიმართებით ჩვენ პრობლემა არ გვაქვს, რადგან სოკარი აბსოლუტურად აკმაყოფილებს იმ მოთხოვნას, რაც არის ბაზარზე".
ცნობისთვის, 2015 წლის 27 დეკემბერს კახა კალაძე შვეიცარიაში Gazprom Export-ის ხელმძღვანელს ელენა ბურმისტროვას შეხვდა. დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტის სოსო ცისკარიშვილის ინფორმაციით, ამ შეხვედრაზე კალაძემ ბურმისტროვასთან საქართველოში რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის გაზრდის შესაძლებლობები განიხილა. ცისკარიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ემზადება კონტრაქტის დასადებად, რომლითაც სოკარისგან მიღებული გაზის მოცულობა განახევრდება, მის ადგილს კი რუსული გაზი დაიკავებს.
"ფაქტია, რომ ეს შეხვედრა დაიშალა კონტრაქტების მომზადებისთვის, რომლის ხელმოწერა შესაძლებელია, იანვრის პირველ ნახევარშივე მოხდეს. გვაქვს ადგილი დივერსიფიკაციის მისაღწევად, თუ უკვე გადავედით ეტაპზე, რომელსაც შეგვიძლია დავარქვათ პრიმიტიული დივერსია რუსეთიდან"- ამბობს სოსო ცისკარიშვილი.





