შეწყალების საქმე

ადამიანის უფლებათა ცენტრი: ბესელიამ უნდა დატოვოს საპროკურორო საბჭო

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს, ეკა ბესელიამ საპროკურორო საბჭო დაუყოვნებლივ დატოვოს. ამასთან, ორგანიზაცია აცხადებს, რომ სასამართლოში ალეკო ელისაშვილის ინტერესებს დაიცავს.

"ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის საინფორმაციო საშუალებებიდან ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. დეპუტატი მოითხოვს, ალეკო ელისაშვილმა უარყოს ის განცხადებები, რაც ეხებოდა შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ მუშაობის პერიოდში მასზე ზეწოლის ფაქტებს. ალეკო ელისაშვილის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი დაიცავს. დაცვის კონკრეტული სტრატეგია სარჩელის გაცნობის შემდეგ დაიგეგმება. ამ ეტაპზე კი, ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დაუყოვნებლივ დატოვოს საპროკურორო საბჭო. ეკა ბესელიას მიერ ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა ინტერესთა კონფლიქტი და პროკურატურაში მიმდინარე საგამოძიებო პროცესზე ზეგავლენის საფრთხე, რაზეც ადამიანის უფლებათა ცენტრი და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში მიუთითებდნენ. ამავე განცხადებაში, ასევე, აღნიშნული იყო, რომ საპროკურორო საბჭოს ძირითადი მიზანია საქართველოს პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და პროკურატურის ფუნქციების ეფექტურად განხორციელების ხელშეწყობა", - აცხადებს ორგანიზაცია.

კომენტარები