გიგი უგულავას შეწყალება

პრეზიდენტი გიგი უგულავას არ შეიწყალებს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გიგი უგულავას შეწყალების მიმართვაზე ხელმომწერებს პასუხობს. პრეზიდენტის განცხადებით, "ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას, რომელმაც შესაძლოა საზოგადოებაში გააჩინოს მსგავსი დანაშაულების მიმართ ზედმეტი ლოიალობის შეგრძნება. აქედან გამომდინარე, ვერ გავიზიარებ თქვენს მიმართვაში დაფიქსირებულ მოთხოვნას". საზოგადოების წარმომადგენლებმა გიგი უგულავას შეწყალების თხოვნით გიორგი მარგველაშვილს დღეს მიმართეს.

"პატივცემულო ხელმომწერებო, მივიღე თქვენს მიერ შედგენილი მიმართვა გიგი უგულავას შეწყალების თაობაზე. ჩემთვის ფასეულია მოქალაქე, რომელიც საზოგადოების ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული. განსაკუთრებით ღირებულია თქვენი პოზიცია, იმ ადამიანებისა, რომლებიც სხვადასხვა სფეროში ჩვენი საზოგადოების გამორჩეული წევრები ბრძანდებით. გასაგებია თქვენი ემოცია პატიმრობაში მყოფი ადამიანის მიმართ. მსგავსი ემოცია ბევრჯერ გვქონია ჩვენი მიმტევებლური ბუნებიდან გამომდინარე. ამასთან ერთად, შეწყალების მექანიზმი არ ანაცვლებს არც სამართალწარმოებას, არც გამოძიებას და არ ემსახურება პოლიტიკურ მიზანშეწონილობას. შეწყალება კონსტიტუციური მოვალეობაა, რომელიც მაღალ მორალურ და სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობას მაკისრებს. ამ, არსით ჰუმანური აქტის განხორციელებისას, არ ვიღებ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რომელიმე მსჯავდებულს პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩავაყენებ. ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას, რომელმაც შესაძლოა საზოგადოებაში გააჩინოს მსგავსი დანაშაულების მიმართ ზედმეტი ლოიალობის შეგრძნება. აქედან გამომდინარე, ვერ გავიზიარებ თქვენს მიმართვაში დაფიქსირებულ მოთხოვნას" - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

კომენტარები