ენერგეტიკა

სემეკმა თბოელექტროსადგურების ნაწილს დენის წარმოების ტარიფი გაუზარდა

wikipedia.org

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ 22 დეკემბერს გამართულ სხდომაზე 2016 წლის დენის ტარიფების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. სემეკმა წარმოების ტარიფი გაზარდა თბილსრესის მესამე და მეოთხე ბლოკებისთვის და კომპანია ჯიფაუერისათვის. თბილსრესის მეცხრე ბლოკს (მტკვარი ენერგეტიკას) კი სემეკმა ტარიფი 0.1 თეთრით შეუმცირა. 

წარმოების ტარიფის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ლარის გაუფასურებაა. თბოსადგურები დენს ბუნებრივი აირის წვის შედეგად იღებენ, ისინი 1000 მეტრ კუბ ბუნებრივ აირს $143-ად ყიდულობენ ლარის გაუფასურების გამო კი ლარში მათ მიერ წარმოებული ენერგიის ღირებულება გაიზარდა.

კომპანიების მიხედვით ცვლილება კი ასე გამოიყურება (ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე):

  • თბილსრესის №3, 4 ბლოკები: 2015 წელი - 10,194 თეთრი/კვტ.სთ, 2016 წელი - 11,303 თეთრი/კვტ.სთ
  • მტკვარი ენერგეტიკა თბილსრესის №9, 10 ბლოკები: 2015 წელი - 10,871 თეთრი/კვტ.სთ, 2016 წელი - 10,748 თეთრი/კვტ.სთ
  • ჯიფაუერი: 2015 წელი - 7,534 თეთრი, 2016 წელი - 8,460 თეთრი/კვტ.სთ

კომპანიები სემეკის კომისიას ეთანხმებიან, თუმცა გარკვეულ თანხებთან დაკავშირებით განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებენ. მათი უმეტესობა კომისიისგან ახალ ტარიფში პრემიების ფონდის სრულად ასახვასაც მოითხოვდნენ, თუმცა სემეკმა კომპანიებს დასაქმებულთათვის ტარიფიდან მხოლოდ ერთი თვის პრემიის დაფინანსების უფლება მისცა. 

"კომისია ყოველწლიურად ახორციელებს სატარიფო რეგულირებას თბოელექტროსადგურებთან და გადაცემის ლიცენზიანტებთან მიმართებაში. შესაბამისად, ამ კომპანიებმა შემოიტანეს სატარიფო განაცხადები. კომისიამ თითოეულ კომპანიასთან მიმართებაში განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო ზოგ კომპანიასთან მიმართებაში ტარიფი შემცირდა, ზოგთან – მცირედით გაიზარდა, თუმცა მთლიანობაში ეს სამომხმარებლო ტარიფზე ზეგავლენას ვერ მოახდენს. კომპანიებს პრეტენზიები აქვთ ყოველთვის, როდესაც ტარიფის გაანგარიშება ხდება, რადგანაც მათ ყოველთვის უნდათ უფრო მეტი შემოსავლების მიღება. მათი ძირითადი აქცენტები ეხებოდა სახელფასო განაკვეთებს, თუმცა კომისიამ შეიმუშავა ერთიანი მიდგომა თუ როგორი უნდა იყოს კომპანიათა სახელფასო ფონდი."- განაცხადა სემეკის წევრმა გოჩა შონიამ.

ცვლილება სამომხმარებლო ტარიფს არ ეხება. ამ ტარიფის კორექტირება სემეკმა 22 ივლისს უკვე მოახდინა და მოსახლეობას გაზრდილი ტარიფი დაუდგინა, რომლის საკომპენსაციოდაც მთავრობამ სოციალურად დაუცველთათვის სუბსიდირება დაიწყო.

კომენტარები