მაგნიტსკის აქტი

აშშ-ს სენატმა გლობალური მაგნიტსკის აქტი მიიღო

parliament.ge

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა მაგნიტსკის გლობალური აქტი ერთსულოვნად მიიღო. ეს კანონი აშშ-ს პრეზიდენტს აძლევს უფლებას სანქციები დააკისროს ადამიანის უფლებათა დამრღვევებს მთელს მსოფლიოში. სანქციები როგორც სავიზო შეზღუდვებს ასევე ფინანსური ანგარიშების გაყინვასა და ქონების დაყადაღებასაც გულისხმობს. კანონი საშუალებას მისცემს ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას სანქციების მთლიანად ქვეყნებზე დაკისრების ნაცვლად, კონკრეტული დამნაშავეების წინააღმდეგ იმოქმედოს. კანონის მთავარი ინიციატორები სენატორები ბენ კარდინი და ჯონ მაკკეინი არიან, თანასპონსორთა შორის ორი საპრეზიდენტო კანდიდატიცაა  - მარკო რუბიო და ტედ კრუზი. აქტს სენატში წარმოდგენილი ორივე პარტიის წარმომადგენლებმა დაუჭირეს მხარი. გლობალური მაგნიტსკის აქტი  წარმომადგენელთა პალატაშიცაა წარდგენილი, იქ კანონის მთავარი ინიციატორი ამერიკის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, წარმომადგენელთა პალატის გლობალური ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ორგანიზაციათა ქვე-კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კრის სმიტია, კანონს 54 თანასპონსორი ჰყავს - მათ შორის როგორც რესპუბლიკური ისე დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები. 

"გლობალური მაგნიტსკის აქტი ყურადღების ქვეშ აქცევს იმ ადამიანებს, რომელიც პასუხისმგებლები არიან კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე მთელს მსოფლიოში. ეს მნიშვნელოვანი იარაღი და დამატებითი ბერკეტია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის რათა კორუმპირებული და ადამიანის უფლებათა დამრღვევი ადამიანები მხედველობაში ჰყავდეს.", - ამბობს Freedom House-ის პრეზიდენტი მარკ ლაგონი. 

ეს კანონი 2012 წელს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ მიღებული მაგნიტსკის აქტის გაფართოებაა - 3 წლის წინ მიღებული კანონით სავიზო და ფინანსური სანქციები იმ ადამიანებს შეეხოთ, რომლებიც რუსეთში ადამიანის უფლებებს არღვევდნენ და მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული ადვოკატ სერგეი მაგნიტსკის წინააღმდეგ დევნაში. სერგეი მაგნიტსკი რუსი იურისტი იყო, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები კორუფციაში ამხილა. ის დააპატიმრეს და წინასწარ პატიმრობაში 358 დღის მანძილზე იმყოფებოდა. მაგნიტსკი 2009 წელს პატიმრობაში მოკლეს. რუსეთის ხელისუფლებამ ის პირები ვინც მაგნისტკის დაპატიმრებასა და მკვლელობაში მონაწილეობდნენ დააჯილდოვა. 

 

კომენტარები