შეწყალების საქმე

NGO-ები: შემაშფოთებელია პოლიტიკოსების არაჯანსაღი რეაქცია შეწყალების საქმეზე

არასამთავრობო ორგანიზაციები

14 არასამთავრობო ორგანიზაცია ე.წ. შეწყალების საქმეზე ალეკო ელისაშვილის და ზვიად ქორიძის განცხადებებს ეხმაურება. მათი შეფასებით, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს მაღალი თანამდებობის პირების და პოლიტიკოსების არაჯანსაღი რეაქცია შეწყალების კომისიის ყოფილი ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე. არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ საქმის დროულად და სრულყოფილად გამოძიებაზე განსაკუთრებული აქცენტების დასმის ნაცვლად, მმართველი გუნდის წევრები მიუთითებენ კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მიმართ ცრუ დასმენის ბრალდებით შესაძლო პასუხისმგებლობაზე.

"აგრეთვე გაკეთდა ბუნდოვანი მითითებები იმაზე, თუ რატომ არ მიაწოდა ამ დრომდე ალექსანდრე ელისაშვილმა საგამოძიებო ორგანოებს მომხდარზე ინფორმაცია. ამ რიტორიკას იზიარებდა, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის დეპუტატების და მოქმედი მთავარი პროკურორის განცხადებები. განსაკუთრებით შემაშფოთებელია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის და, ამავდროულად, საპროკურორო საბჭოს წევრის ეკა ბესელიას განცხადებები და მითითებები იმაზე, რომ თავად ალეკო ელისაშვილმა უნდა ამტკიცოს დანაშაულის ჩადენის ფაქტი და რომ მისი ქმედებების მიმართ ბევრი კითხვა ჩნდება. საპროკურორო საბჭოს ძირითადი მიზანია საქართველოს პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და პროკურატურის ფუნქციების ეფექტურად განხორციელების ხელშეწყობა. დაუშვებელია საპროკურორო საბჭოს წევრის მიერ, საზოგადოების მაღალი ინტერესის მქონე საქმის ირგვლივ, რომელშიც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზეა საუბარი, მსგავსი საჯარო განცხადების გავრცელება. ეს შესაძლოა ნეგატიურად აისახოს პროკურატურის საქმიანობაზე და საფრთხე შეუქმნას მიმდინარე პროცესის ობიექტურად და პოლიტიკური გავლენის გარეშე წარმართვას", - ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.

NGO-ები აღნიშნავენ, რომ ცრუ დასმენის მოტივით პასუხისმგებლობაზე მითითება ცხადია, უარყოფით გავლენას მოახდენს მოქალაქეებისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობის ხარისხზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც განმცხადებლები, მოწმეები ან დაზარალებულები არ იკავებენ თანამდებობებს, მათ მიმართ დაბალია ცნობადობა და, შესაბამისად, ნაკლებია საზოგადოების ინტერესი და მხარდაჭერა.

"გარდა ამისა, სამართლებრივად მსგავს ბრალდებაზე მითითება არის ყოვლად დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი, რადგან ინფორმაციის მიმწოდებელი არ არის და ვერც იქნება ვალდებული, თავად დაამტკიცოს დანაშაულის ჩადენის ფაქტი, ან მოიპოვოს ასეთი ბრალდებისათვის საჭირო მტკიცებულებები. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ცრუ დასმენის მუხლის გამოყენების არაჯანსაღი პრაქტიკა არსებითად შეაფერხებს მოქალაქეების ურთიერთობას სამართალდამცავ ორგანოებთან და იმოქმედებს დანაშაულის შეტყობინების მაჩვენებელზე და მხილების შემთხვევებზე. ამ პირობებში კი განსაკუთრებით სახიფათოა საპროკურორო საბჭოს წევრებისა და დეპუტატების იმგვარი განცხადებები, რომელებიც პროცესის დროულად და ობიექტურად წარმართვის საფრთხეებს წარმოქმნიან და ამავდროულად დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიმწოდებელ პირზე ნეგატიური ზემოქმედების შედეგს აყენებენ", - წერია განცხადებაში.

საკითხის მნიშვნელობიდან და მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაციები აგრძელებენ დაკვირვებას საქმეზე დაწყებული გამოძიების მსვლელობასა და მის შედეგებზე. მათ აუცილებელად მიაჩნიათ, რომ სწრაფი, ეფექტური და სრულყოფილი გამოძიების პარალელურად, სამართალდამცავმა ორგანოებმა სრულად უზრუნველყონ განმცხადებლების, მოწმეებისა და მათი ახლობლების უსაფრთხოება და ხელშეუხებლობა.

განცხადების ხელმომწერები არიან ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI), იდენტობა, კავშირი "საფარი", მედიის განვითარების ფონდი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" (OSGF), კონსტიტუციის 42-ე მუხლი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) და საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია.

ცნობისთვის, შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი თანამდებობის პირებს შეწყალების კომისიის საქმიანობაში ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლით მიმდინარებს, რაც ზეგავლენით ვაჭრობას გულისხმობს. დაიკითხა როგორც თავად ელისაშვილი, ასევე კომისიის მოქმედი თავმჯდომარე ზვიად ქორიძე, დეპუტატები - ეკა ბესელია და მანანა კობახიძე, რომელმაც დაადასტურა, რომ ე.წ. კოკაინის საქმეზე დაკავებულების შეწყალებას ითხოვდა. საქმეზე მსჯავრდებული ანასტასია ზაუტაშვილი აცხადებს, რომ მას არანაირი თანხა არ მიუცია ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძისთვის. გარდა ამისა, პროკურატურაში აცხადებენ, რომ ალეკო ელისაშვილის მობილურ ტელეფონში არ აღმოჩნდა იმ მაღალჩინოსნების მესიჯები, რომლებსაც ის ასახელებს.

კომენტარები