შეწყალების საქმე

ენმ: მთავრობა ალეკო ელისაშვილის ცემას და ამის ჩვენთვის დაბრალებას აპირებს

ირმა ნადირაშვილი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ალეკო ელისაშვილზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას გეგმავს. ირმა ნადირაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპერაციას პირადად სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილე იოსებ გოგაშვილი ხელმძღვანელობს. უმცირესობის დეპუტატის თქმით, ელისაშვილის ცემის შემდეგ, შსს საქმის გახსნას გეგმავს და დაქირავებულ პირს ჩვენებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მიაცემინებენ.

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ეს ინფორმაცია სუს-ის მაღალჩინოსნისგან მიიღო. მთავრობა, ივანიშვილი, რომელიც ელისაშვილის ქმედებებით გამწარებულია, მასზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას აპირებს. მას სცემენ. ამ საქმეს, ისევე როგორც ძალიან ბევრ სიბინძურეს სუს-ში, იოსებ გოგაშვილი პირადად გეგმავს. ის ხელმძღვანელობს ამ ოპერაციას. მათ ამ საქმისთვის შერჩეული ჰყავთ ადამიანი, რომელიც თავს უნდა დაესხას ალეკო ელისაშვილს. მისი გვარი არ ვიცით, თუმცა, ჰქვია ნუკრი. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ამ თავდასხმის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს გახსნის, ხოლო ნუკრის მიაცემინებენ ჩვენებას, რომ ის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაკვეთით მოქმედებდა. მოვუწოდებთ მთავრობას, ხელი აიღოთ ასეთი ტიპის ანგარიშსწორებისა და ბინძური ოპერაციების დაგეგმვისგან. ელისაშვილის ცემა ვერ მოაგვარებს იმ საქმეს, რომ ბესელია და კობახიძე მექრთამეები და ნარკობარიგების მფარველები არიან. ვერ მოაგვარებს იმ საქმეს, რომ ქვეყანაში ლარი უფასურდება და ადამიანები ღარიბდებიან. გოგაშვილის მცდელობა ვერ გაახანგრძლივებს ივანიშვილის ბანდიტური რეჟიმის არსებობას", - განაცხადა ნადირაშვილმა.

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი თანამდებობის პირებს შეწყალების კომისიის საქმიანობაში ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლით მიმდინარებს, რაც ზეგავლენით ვაჭრობას გულისხმობს. დაიკითხა როგორც თავად ელისაშვილი, ასევე კომისიის მოქმედი თავმჯდომარე ზვიად ქორიძე, დეპუტატები - ეკა ბესელია და მანანა კობახიძე, რომელმაც დაადასტურა, რომ ე.წ. კოკაინის საქმეზე დაკავებულების შეწყალებას ითხოვდა. საქმეზე მსჯავრდებული ანასტასია ზაუტაშვილი აცხადებს, რომ მას არანაირი თანხა არ მიუცია ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძისთვის. გარდა ამისა, პროკურატურაში აცხადებენ, რომ ალეკო ელისაშვილის მობილურ ტელეფონში არ აღმოჩნდა იმ მაღალჩინოსნების მესიჯები, რომლებსაც ის ასახელებს.

კომენტარები