შეწყალების საქმე

ალეკო ელისაშვილმა პროკურატურაში სატელეფონო შეტყობინებების ამონაწერი წარადგინა

თეორემა/ტაბულა

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და თბილისის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. როგორც მან ჟურნალისტებს დაკითხვამდე განუცხადა, საგამოძიებო უწყებაში უნდა წარედგინა ამონაწერი მაგთის ოფისიდან, სადაც იკითხება ის მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომელიც, ელისაშვილის მტკიცებით, მას გაუგზავნეს. შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე პროკურატურას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

დღესვე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ე.წ. შეწყალების საქმესთან დაკავშირებით ორ წერილზე პროკურატურას პასუხი გადაუგზავნა. რაც შეეხება დანარჩენ წერილებს, როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, ამ ეტაპზე მათი დამუშავება მიმდინარეობს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ საქმესთან დაკავშირებით გუშინ ყოფილი მთავარი პროკურორი და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი გიორგი ბადაშვილი დაიკითხა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაცის იმის შესახებ, რომ დეპუტატები მანანა კობახიძე და ეკა ბესელია ე.წ. ქალთა კოლონიაში ანასტასია ზაუტაშვილს შეხვდნენ, ვიცესპიკერი ამას ზღაპარს უწოდებს და არ ადასტურებს.

მას შემდეგ, რაც ალეკო ელისაშვილმა თანამდებობის პირების მხრიდან შეწყალების კომისიის საქმიანობაში ჩარევის მცდელობის შესახებ განცხადება გააკეთა, საქმეზე გამოძიება დაიწყო. დაიკითხა როგორც თავად ელისაშვილი, ასევე კომისიის მოქმედი თავმჯდომარე ზვიად ქორიძე. ასევე, ეკა ბესელია და მანანა კობახიძე, რომელმაც დაადასტურა, რომ ე.წ. კოკაინის საქმეზე დაკავებულების შეწყალებას ითხოვდა. საქმეზე მსჯავრდებული ანასტასია ზაუტაშვილი აცხადებს, რომ მას არანაირი თანხა არ მიუცია ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძისთვის. გარდა ამისა, პროკურატურაში აცხადებენ, რომ ალეკო ელისაშვილის მობილურ ტელეფონში არ აღმოჩნდა იმ მაღალჩინოსნების მესიჯები, რომლებსაც ის ასახელებს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ზეგავლენით ვაჭრობას გულისხმობს.

კომენტარები