პარლამენტში 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. პროექტის მიხედვით მთავრობა 10.1 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს. ბიუჯეტის პროექტი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა წარადგინა.
ბიუჯეტის პროექტით 60 მილიონით იზრდება ცენტრალური მთავრობის შრომის ანაზღაურება. ნაციონალური მოძრაობის წევრთა თქმით, 2012 წლის შემდეგ ბიუროკრატიაზე 450 მილიონით მეტი იხარჯება. ნოდარ ხადური კი პასუხად ამბობს, რომ ზრდა ძირითადად მთავრობის მიერ ახალი უწყებების, მაგალითად კონკურენციის სააგენტოს, სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურისა და სხვა ორგანიზაციების შექმნას უკავშირდება.
საქართველოში არსებული 19 სამინისტროდან 18-ში დაფინანსება იზრდება, ერთადერთი უწყება რომელმაც ხარჯები 1 მილიონი ლარით შეკვეცა, ფინანსთა სამინისტროა.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი დადებითად შეაფასა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ, რომელიც აღნიშნავს, რომ პროექტით განსაზღვრული 3%-იანი ფისკალური დეფიციტი საერთაშორისო რეკომენდაციებით დადგენილი ნორმაა.
2016 წლის ბიუჯეტის პროექტით, მთავრობა უარს ამბობს ერთ-ერთ წინასაარჩევნო დაპირებაზე - ის დაუბეგრავი მინიმუმის გაცემას აღარ აპირებს.





