საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ამერიკის და დასავლეთევროპული ქვეყნების უარი საქართველოს NATO-ში გაწევრიანებაზე ვლადიმირ პუტინისთვის "ღია მოსაწვევია", რომ განაგრძოს აგრესიული პოლიტიკა და მიწების მიტაცება.
Washington Times-თან ინტერვიუში ხიდაშელი აღნიშნავს, რომ NATO-მ კიდევ ერთხელ გადადო საქართველოს თითქმის 10 წლის შეტანილი განაცხადი წევრობაზე.
"NATO-ს მინისტრებმა კიდევ ერთხელ ვერ გამოიყენეს ხელსაყრელი შესაძლებლობა, დაემტკიცებინათ ალიანსის ძალა და ის პირველადი იდეა, რისთვისაც შეიქმნა ალიანსი უსაფრთხო და დაცული ევროპისთვის", - თქვა ხიდაშელმა.
ამასთან, Washington Times-თან ინტერვიუში, ხიდაშელმა დაადასტურა, რომ თბილისი და ვაშინგტონი იარაღით მომარაგებაზე შეთანხმებასთან ახლოს არიან. ივნისში, საქართველომ, ასევე შეთანხმებას მიაღწია საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვითი სისტემების შესყიდვაზე.
როგორც გამოცემის სტატიაში წერია, საქართველო წლების განმავლობაში ელოდებოდა, ამერიკული ლეტალური შეიარაღების და ანტისატანკო სისტემების შეძენაზე ვაშინგტონის თანხმობას, თუმცა, ამერიკული მხარე თვლიდა, რომ მსგავსი ნაბიჯი, რუსეთის მხრიდან აგრესიის განახლების საშიშროებას გააჩენდა.
"ჩვენ გვაქვს მიმდინარე მოლაპარაკებები ამერიკულ კომპანიებთან და ვფიქრობ, შეთანხმებასთან ახლოს ვართ", - აღნიშნა მინისტრმა. ის ასევე იმედოვნებს, რომ შეთანხმება ობამას პრეზიდენტობის პერიოდში მოხდება, ანუ 2017 წლის დასაწყისამდე.
ხიდაშელის თქმით, ქართველი ხალხი ამერიკასთან იარაღის საკითზე შეთანხმებას უფრო მეტად ელოდება, ვიდრე NATO-ში გაწევრიანებას, რადგან თვლიან, რომ ამერიკა საქართველოს ყველაზე ერთგული და ძლიერი პარტნიორია.
პარალელურად, ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ამერიკა უფრო მეტად უნდა დაეხმაროს საქართველოს NATO-ში გასაწევრიანებლად, თუნდაც იმიტომ, რომ საქართველო უკვე 15 წელია, ეხმარება ამერიკელ სამხედროებს ავღანეთსა და ერაყში.
როგორც სტატიაში წერია, მიუხედავად ამისა, ამერიკამ და ალიანსის სხვა წევრებმა, საქართველოს კიდევ ერთხელ გაუცრუეს იმედები და გასულ კვირას ალიანსში უფრო პატარა აღმოსავლეთევროპული ქვეყანა მონტენეგრო მიიღეს.
სტატიის თანახმად, ანალიტიკოსების ნაწილი თვლის, რომ ალიანსი ამ ნაბიჯს ჯერ კიდევ განახლების საფრთხის ქვეშ მდგარი ქართულ-რუსული კონფლიქტის გამო არ დგამს, რადგან თუ საქართველო ალიანსის წევრი გახდება, მაშინ NATO-ს საქართველოს დაცვაში "პირდაპირი" ჩართვა მოუწევს, ალიანსს კი მოსკოვისთვის წინააღმდეგობის გაწევის ეშინია. ხიდაშელი ამ აზრს არ ეთანხმება და თვლის, რომ ალიანსი ხელსაყრელ "გეოპოლიტიკურ იმპულსებს" ელოდება, თუმცა თავის მხრივ არც უკმაყოფილებას მალავს.
"ძალიან არ მომწონს, როდესაც საქართველოს მსგავს სიტუაციაში ვხედავ, მოსაცდელ ოთახში, სადაც ყველაფერი შეიძლება, მოხდეს, როგორც ეს 2008 წელს მოხდა. იმ შემთხვევაში, თუ ხვალ საქართველოს შეუტევენ, რას აპირებენ ჩვენი პარტნიორები? მე არ ველოდები იმას, რომ საქართველოს დასაცავად ისინი ჯარებს გამოგზავნიან", - ამბობს ხიდაშელი.
თინა ხიდაშელი თვლის, რომ მორიგი უარი NATO-სგან ალიანსის წევრობაზე გააჩენს შიშებს მთელ რეგიონში, რომელიც მშვიდობისთვის იბრძვის და რომელმაც არ იცის, დასავლური გზა აირჩიოს თუ წავიდეს რუსეთთან კომპრომისებზე.
"საქართველოს წარმატება დასავლურ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკისა და დასავლეთევროპული ქვეყნებისთვის, რადგან რეგიონში ყველა ჩვენ გვიყურებს, აზერბაიჯანი ჩვენ გვიყურებს, სომხეთიც ჩვენ გვიყურებს, მთელი ცენტრალური აზიის რეგიონი ჩვენ გვიყურებს, თუ დასავლური გზა საქართველოსთან მიმართებაში იმუშავებს, მაშინ ისინიც დადგებიან ამ გზაზე, ისინიც ელოდებიან შედეგებს", - ამბობს ხიდაშელი.





