ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა

უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომას ირაკლი ღარიბაშვილი არ დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომას პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ დაესწრება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე მივა თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პრემიერმინისტრი არ მონაწილეობს პრეზიდენტის მიერ მოწვეულ უშიშროების საბჭოს სხდომაში.

ასევე ცნობილია ის, რომ სხდომას ვერ დაესწრებიან საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე. ისინი თბილისში არ იმყოფებიან.

უშიშროების საბჭოს საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის გიორგი ახალკაცის თქმით, დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ არსებულ და გაზრდილი რისკებიდან გამომდინარე, თავდაცვის ორგანიზებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს, 16:00 საათზე დაიწყება. 

ეროვნული უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არიან: პრემიერმინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შს მინისტრი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი.

კომენტარები