სამხრეთის დერეფანი

თურქეთი და აზერბაიჯანი TANAP-ის მშენებლობის დაჩქარებაზე შეთანხმდნენ

თურქეთი და აზერბაიჯანი ტრანს ანატოლიის მილსადენის (TANAP) მშენებლობის დაჩქარებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ თურქეთის მთავრობის მეთაურმა აჰმეთ დავუთოღლუმ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

"ბაქო და ანკარა შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია ტრანს ანატოლიის მილსადენის მშენებლობის პროცესის აჩქარება. დღევანდელი მოლაპარაკებების შედეგად ჩვენი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრებს მიეცათ დავალება, რომ TANAP-მა დაგეგმილ 2018 წლამდე ადრე დაიწყოს ფუნქციონირება" - აღნიშნა დავუთოღლუმ.

ტრანსანატოლიის მილსადენი ითვალისწინებს ბუნებრივი აირის აზერბაიჯანიდან ევროპაში მიწოდებას საქართველოსა და თურქეთის გავლით. TANAP მნიშვნელოვანი კომპონენტია სამხრეთის დერეფნის პროექტისა, რომელიც თავისთავად გულისხმობს აზერბაიჯანის შაჰ დენიზის ევროპასთან დაკავშირებას სამხრეთ კავკასიის მილსადენის, TANAP-ისა და ტრანს ადრიატიკის მილსადენის მეშვეობით. 

კომენტარები