საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროგრამა

სასწრაფოს, პოლიციის მანქანისთვის გზის არდათმობა შესაძლოა, 300 ლარით დაჯარიმდეს

შალვა ხუციშვილი
ტაბულა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, სასწრაფოს, სახანძროსა და პოლიციის მანქანისთვის გზის არდათმობა, მართვის მოწმობის ჩამორთმევის ნაცვლად, შესაძლოა, 300-ლარიანი ჯარიმით შეიცვალოს.

"დღეისთვის გვაქვს მდგომარეობა, როდესაც სასწრაფოსთვის გზის არდათმობა მართვის მოწმობის ჩამორთმევით ისჯება, თუმცა ამის სტატისტიკა გვაქვს სავალალო. ვფიქრობთ, რომ სასწრაფოსთვის, სახანძროსთვის და პოლიციის მანქანისთვის გზის არდათმობა ამდენად მკაცრი არ უნდა იყოს, თუმცა, ადმინისტრირება უნდა გამკაცრდეს და მართვის მოწმობის ჩამორთმევის ნაცვლად, დაისჯება 300-ლარიანი ჯარიმით და ადმინისტრირება ამ მიმართულებით გამკაცრდება", - თქვა ხუციშვილმა.

ამასთან, ხუციშვილის თქმით, 40 კილომეტრ/საათის ფარგლებში სიჩქარის გადაჭარბება 50-ლარიან სანქციას გამოიწვევს, ხოლო 40 კილომეტრ/საათზე ზევით სიჩქარის გადაჭარბება უფრო მკაცრად დაისჯება.

"მნიშვნელოვანი სიახლეა ასევე ღერძულა ხაზის გადაკვეთის შედეგად საპირისპირო ზოლში მოძრაობა. ალბათ, ბევრი შენიშნავდით, როდესაც თქვენ თქვენს ზოლში მოძრაობთ და ხედავთ, შუქნიშანზე გაჩერებულ ან საცობის შემთხვევაში, როგორ გადაკვეთს რომელიმე თავხედი მძღოლი და მოძრაობს პარალელურად საპირისპირო ზოლში იმისთვის, რომ გაასწროს ამ რიგს. ეს საკმაოდ დიდ პრობლემაა და ჩვენი ინფორმაციით, საცობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანია გამომწვევია, ამიტომ ამის მიმართაც გამკაცრდება და 300-ლარიანი ჯარიმით დაისჯება ასეთი შემთხვევები. ამ მიმართულებით ადმინისტრირებაც გამკაცრდება", - თქვა ხუციშვილმა.

კომენტარები