კამერონი: ISIS-ზე საჰაერო თავდასხმები ბრიტანეთის ეროვნული ინტერესია

Getty Images

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დევიდ კამერონი აცხადებს, რომ სირიაში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე საჰაერო თავდასხმები ბრიტანეთის ეროვნულ ინტერესებში შედის. მან ეს განცხადება დიდი ბრიტანეთის პარლამენტში, თემთა პალატის წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

კამერონი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ მსგავსი ქმედება ბრიტანეთს კიდევ უფრო დიდ სამიზნედ აქცევს. მისი შეფასებით, ბრიტანეთი ტერორისტების სამიზნე ისედაც იყო და ტერორიზმის დასამარცხებლად საპასუხო ქმედებაა აუცილებელი.

"ტერაქტი, რომელიც პარიზში მოხდა, შეიძლება ლონდონში მომხდარიყო. თუ მათ შეძლეს ასე გაგრძელება, ისინი ლონდონშიც მოვლენ. მე ვერ ვიდგები აქ და ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ ყველა საფრთხისგან დაცულები ვართ, რადგან ჩვენც არ ვართ დაცულები. ვერც იმას ვიტყვი, რომ ჩვენ შევძლებთ გავაქროთ ყველა საფრთხე ამ საჰაერო თავდასხმებით, თუმცა საპასუხო მოქმედება ნამდვილად დაგვეხმარება იმაში, რომ თავი უფრო უსაფრთხოდ ვიგრძნოთ", - განაცხადა კამერონმა.

თემთა პალატა საჰაერო თავდასხმების შესახებ გადაწყვეტილებას კენჭს მომავალ კვირაში უყრის.

კომენტარები