"ამაზე საუბარი ნაადრევია" – ასე უპასუხა ჩინეთის პრემიერმა ჯო ენლაიმ, როდესაც მას ორი საუკუნით ადრე მომხდარი საფრანგეთის დიდი რევოლუციის შეფასება სთხოვეს. დღეს 23 ნოემბერია, ვარდების რევოლუციიდან ჯერ მხოლოდ 12 წელი გავიდა - სრულყოფილი შეფასება არ გამოგვივა, მაგრამ მაინც შევეცდებით გავაანალიზოთ ამ მოვლენის დადებითი და უარყოფითი მხარეები.
ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის, სემუელ ჰანტინგტონის განმარტებას თუ დავეყრდნობით, რევოლუცია არის დომინანტი საზოგადოებრივი ღირებულებების, პოლიტიკური ინსტიტუტების და პოლიტიკური კურსის სწრაფი, ძირეული და რადიკალური ცვლილება.
იმისთვის, რომ ეს მოხდეს, მხოლოდ პოლიტიკური სისტემის შეცვლა არ არის საკმარისი, საჭიროა სოციალური ტრანსფორმაცია ანუ საზოგადოების მოდერნიზაცია. ამის გარეშე რევოლუცია არ შედგება – სამხედრო გადატრიალება, აჯანყება, განმათავისუფლებელი ბრძოლა – კი, მაგრამ არა რევოლუცია.
დაიწყო თუ არა 2003 წლის 23 ნოემბერს სოციალური ტრანსფორმაცია ანუ ტრადიციულიდან, თანამედროვე საზოგადოებად გარდაქმნა - ეს არის თეორემას პირველი ნაწილის მთავარი კითხვა.




