სახალხო დამცველი

ომბუდსმენი: სწრაფად გამოიძიეთ იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზის დაზიანების ფაქტი

უჩა ნანუაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში მდებარე იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზის დაზიანების ფაქტის შესწავლა დაიწყო. უჩა ნანუაშვილი გმობს მომხდარს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, აწარმოონ სწრაფი და ეფექტური გამოძიება ინციდენტში მონაწილე პირების გამოვლენისა და მათთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების მიზნით.

"გავრცელებული ინფორმაციით, ამა წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით ღამის 11 საათზე, თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში მდებარე იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზს უცნობმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 15 ტყვია ესროლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, დაზიანებულია შენობის კედლები და ჩამსხვრეულია შუშები. იეჰოვას მოწმეები აღნიშნული შენობის დაზიანების წარსულში მომხდარ სხვა ფაქტებზეც მიუთითებენ.

როგორც ცნობილია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზემოაღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით (სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება) დაიწყო.

საქართველოს სახალხო დამცველი გმობს 2015 წლის 23 ნოემბერს იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზის დაზიანების ფაქტს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, აწარმოონ სწრაფი და ეფექტური გამოძიება ინციდენტში მონაწილე პირების გამოვლენისა და მათთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების მიზნით. ამასთან, გამოძიების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს იმის გამორკვევაზე, ხომ არ იყო აღნიშნული დანაშაული ჩადენილი რელიგიური სიძულვილის მოტივით. სახალხო დამცველი თვალყურს მიადევნებს გამოძიების მიმდინარეობას", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

კომენტარები