თურქეთი-რუსეთი

მოსკოვში თურქეთის საელჩოს კვერცხები და ბოთლები დაუშინეს

AP Photo

BBC-ის ინფორმაციით, მოსკოვში თურქეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მიიღო. დემონტრანტებმა საელჩოს შენობას ქვები, კვერცხები, ბოთლები და საღებავით სავსე ქილები დაუშინეს. შედეგად, საელჩოს რამდენიმე ფანჯარა ჩაიმსხვრა.

ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც, რომელიც აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა, თუმცა, ისინი დემონსტრანტების ქმედებას ხელს არ უშლიდნენ.

BBC-სთან საუბარში საელჩოს პრეს-ატაშე ორჰან გაზიგილმა აღნიშნა, რომ საელჩოს თანამშრომლები შეშინებული იყვნენ და დერეფანში მოძრაობას ერიდებოდნენ, რადგან ფანჯრებიდან შენობაში რამდენიმე ქვა და ბოთლი შევარდა. მისივე თქმით, საელჩოს რამდენიმე თანამშრომელი მსუბუქად არის დაშავებული.

გუშინ თურქეთმა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი SU-24 რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ ჩამოაგდო. ოფიციალური ანკარას განცხადებით, თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. მოსკოვი კი, საზღვრის დარღვევას უარყოფს. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, ეს შემთხვევა იყო "ტერორისტების თანამზრახველების მიერ განხორციელებული დარტყმა". მისივე განცხადებით, აღნიშნული ქმედება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაზე გავლენას იქონიებს.

კომენტარები