ისლამი

დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მუფთები ძალადობას და ტერორიზმს ემიჯნებიან

მუსლიმები წინწყაროში
ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა

დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მუფთების შეფასებით, ისლამი ძალადობის და ტერორიზმის კატეგორიული წინააღმდეგია. ბეგლარ ქამაშიძე და იასინ ალიევი ტერორისტულ აქტებს ემიჯნებიან და ძალადობას გმობენ.

"ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას. ისლამი არ არის მოძალადე და მუსლიმი არ არის არასდროს ტერორისტი. თუ ვინმე რელიგიას ამოეფარება და რელიგიას ამოფარებული ასეთ ქმედებებს ჩაიდენს, ეს ისლამის რელიგიას არ უნდა მივაწეროთ და არ უნდა შევქმნათ ისეთი ფონი, რომ მრევლს, საზოგადოებას ისლამთან ან მუსლიმ ადამიანებთან დაშორების და შორს ყოფნის სურვილი გაუჩნდეს", - განაცხადა დასავლეთ საქართველოს მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ.

"ისლამი არის სიყვარულის და მშვიდობის მქადაგებელი რელიგია და არა ძალადობისა და ტერორის. კითხვაზე, თუ რატომ ასოცირდება ისლამი ტერორიზმთან, პასუხი მარტივია. ნებისმიერ დაჯგუფებას ან ორგანიზაციას შეუძლია, სასურველი სახელი დაარქვას და გამოვიდეს საზოგადოების წინაშე. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ასე მოხდა, ამოეფარნენ რელიგიას. მე გარწმუნებთ, რომ ისლამთან არანაირი კავშირი არ აქვს ტერორიზმს. ვწუხვართ იმ ტრაგიკული მოვლენების გამო, რაც საფრანგეთის დედაქალაქში მოხდა", - ამბობს აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი იასინ ალიევი.

კომენტარები