კომუნიკაციები

ივანიშვილის დაფინანსებით მთავრობა ინტერნეტბაზრის მსხვილი მოთამაშე გახდება

Justyna Mielnikiewicz / nytimes.com

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, საქართველოში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი განხორციელდება, რომელსაც სრულიად უანგაროდ, დაახლოებით $150 მილიონით ქვეყნის ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი დააფინანსებს. ივანიშვილის დაფინანსებით აშენებული ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს დარჩება, რომელიც შემდეგ ღია დაშვების პრინციპით კერძო ოპერატორებს ინტერნეტის მოსახლეობამდე მიყვანის საშუალებას მისცემს. საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში ივანიშვილი მონაწილეობას არ იღებდა. ეკონომიკის სამინისტრომ პროექტის განხორციელებაზე ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა, თუმცა კერძო კომპანიებმა მასში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს. 

"მქონდა ბატონ ბიძინასთან შეხვედრა, ჩვენ განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი თემა. მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელმაც მთელი საქართველო უნდა დაფაროს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით. ერთადერთი ქველმოქმედი, რომლის გარეშეც, რეალურად, ეს პროექტი ვერ განხორციელდებოდა საქართველოში, გახლავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამისთვის, რადგან, რეალურად, ეს არის პროექტი, რომელმაც 15-20 წლით წინ უნდა წაწიოს ჩვენი ქვეყანა. პროექტის ღირებულება, დღევანდელი გათვლებით, არის $125 მილიონიდან $150 მილიონამდე, რასაც ბატონი ბიძინა აბსოლუტურად უანგაროდ გვაძლევს, რათა ეს მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ. ჩვენი შეხვედრის ძირითადი სასაუბრო თემა ეს იყო", - ამბობს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელებისთვის საჭირო მოთხოვნის ანალიზი ჯერ არ ჩატარებულა, ასევე უცნობია ქსელის დიზაინი და პროექტის ზუსტი ღირებულება. პროექტი საქართველოს რეგიონების ფართოზოლოვანი ინტერნეტკაბელებით დაფარვაში მდგომარეობს, რომელიც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ დაფუძნებული ააიპ OpenNet-ის საკუთრებაში იქნება. პროექტის განხორციელების შემდეგ, სახელმწიფო სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდება. 

პროექტის მიხედვით, ააიპ OpenNet-ი შექმნის ღია დაშვების წერტილებს, რომლებზე წვდომაც ყველა ინტერნეტოპერატორს ექნება. სწორედ ოპერატორებმა უნდა მიიყვანონ კაბელები მოსახლეობამდე და მათ მიაწოდონ საბოლოო პროდუქტი. ეკონომიკის სამინისტროს გეგმით, 2020 წლისთვის მოსახლეობის 90%-ს მაინც უნდა ჰქონდეს მინიმუმ 15 მგბ-იან ინტერნეტთან წვდომა. პროექტის მიხედვით დღეს დაუფარავი 2.153 სოფლის და 40 ქალაქის კაბელებით დაფარვა მოხდება. 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევის მიხედვით, პროექტს გარკვეული რისკებიც ახლავს, რაც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული OpenNet-ის საბაზრო ძალაუფლებაში და, შესაბამისად, თავისუფალ ბაზარში სახელმწიფოს მხრიდან ჩარევის რისკებში გამოიხატება. 

"მნიშვნელოვან პრობლემად უნდა გამოიყოს ინტერნეტბაზრის მოთამაშეებზე და ზოგადად ინტერნეტბაზარზე სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი აქტივობების გავლენა. ზოგადად სახელმწიფო ჩარევა და მისი ინტერვენცია ევროკავშირის მიერ მკაცრად კონტროლდება, რადგან მოიცავს მნიშვნელოვან რისკებს კონკურენციის ხელყოფის და ბაზარზე არაჯანსაღი რყევების გამოწვევის გამო.

კითხვები მრავალგვარია და მათზე ამ ეტაპზე ცალსახა პასუხი არ არსებობს, რადგან სამწუხაროდ არ არის დადებული სახელმწიფო სტრატეგია, გეგმა და ამ გეგმის რეალიზაციის ვადები და სავარაუდო შედეგები. ფაქტია, რომ სწორედ ამ გეგმის დაანონსების შემდგომ დაიწყო აბონენტების რაოდენობით სიდიდით მეორე ოპერატორის - კავკასუს ონლაინის აქტივების გაყიდვის ან კომპანიაში წილის გაყიდვის პროცესები, ასევე სიდიდით მეორე მობილურ პროვაიდერ ჯეოსელში - სკანდინავიური თელიასონერას წილების გაყიდვის პროცესები. ვფიქრობთ, რომ ინტერნეტმომსახურების მიწოდების ბაზრებზე ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული და შენარჩუნებული მდგომარეობა დიდიწილად არა სახელმწიფოს მიერ პროცესის სუბსიდირების, არამედ სათანადო კონკურენტული გარემოს ჩამოუყალიბებლობის ბრალია, მიუხედავად იმისა, რომ 2005 წლიდან ეს რეგულაციები საკანონმდებლო დონეზე არსებობდა.

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს სტრატეგიის და მისი რეალიზაციის სამოქმედო გეგმის დამტკიცების ალტერნატივა, სათანადო აქტივობები მხოლოდ მათი დამტკიცების და შედეგების წინასწარ გააზრების შემდგომ უნდა მოხდეს. აუცილებელია საკონსულტაციო პროექტის წარმოდგენა და გეგმის რეალიზაციის დაწყება მხოლოდ ყველა დაინტერესებული მხარის და ექსპერტების მოსაზრებების შეგროვების შემდგომ, რადგან სრული კონსენსუსი არის გარანტია იმისა, რომ ძალიან კარგი და აუცილებელი ინიციატივა მაღალ დონეზე და ხარვეზების გარეშე განხორციელდეს", - წერია IDFI-ის კვლევაში. 

კომენტარები