ქურდობა

ბანკიდან 9 197 771 ლარის მოპარვაზე ორი პირი დააკავეს, ერთს ეძებენ

RFE/RL

საქართველოს ბანკიდან დიდი ოდენობით თანხის მოპარვასთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა 1971 წელს დაბადებული თამარ კ. და 1966 წელს დაბადებული მალხაზ ბ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ამჟამად ძებნაში მყოფი, 1977 წელს დაბადებული ილია გელაშვილი მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს, თბილისში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკის საცავიდან 9 197 771 ლარს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა. ნაქურდალი ფული კი თამარ კ-მ და მალხაზ ბ-მ წინასწარი შეთანხმების თანახმად გადამალეს. სამართალდამცველებმა თამარ კ. და მალხაზ ბ. თბილისში დააკავეს. დაკავებულების საცხოვრებელი ბინისა და სარდაფის ჩხრეკისას მოპარული თანხის ძირითადი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

შსს-ს ინფორმაციით, ილია გელაშვილის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ფულადი თანხის ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები