რუსთავი 2-ის საქმე

დანელია რუსთავი 2-ზე: ივანიშვილის ახირება და ფეხის ბაკუნია ის, რაც ხდება

რუსთავი ორის ჟურნალისტები, ოპერატორები, პროდუსერები შეშფოთებულები, თუმცა მშვიდად, დიდი პროფესიონალიზმით აკეთებენ იმას, რაც უნდა აკეთოს ყველა პროფესიონალმა - გააშუქოს და გადასცეს ინფორმაცია თავის ტელემაყურებელს და სწორედ ეს არის ის, რაც აფრთხობს ასე ძალიან ერთ კაცს, რომელიც გამაგრებულია დღეს სოლოლაკის ქედზე და სწორედ მისი პირადი პოლიტიკური ნება, პირადი ახირება, ფეხის ბაკუნია ის, რაც ხდება. მე ძალიან მიჭირს, ვილაპარაკო ურთმელიძის გადაწყვეტილებაზე, იმიტომ, რომ ცხადია, ეს არ არის მისი გადაწყვეტილება. ცხადია, ეს პროცესი უკვე ძალიან დიდი ხანია, სამართლებრივ ჩარჩოებში აღარ არის. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლომ მომცა იმედი, რომ ისევ დავბრუნდებოდით კანონიერების ფარგლებში, ჩვენ ისევ გვექნებოდა მშვიდად ცხოვრების და მუშაობის საშუალება. თუმცა, როგორც ჩანს, შევცდი, როგორც ჩანს, ივანიშვილმა ფეხი მაგრად დააბაკუნა და თქვა, რომ რუსთავი 2 დღესვე უნდა იყოს მისი. ნურას უკაცრავად, ბატონო ბიძინა. ასევე, ნურას უკაცრავად-ს ვეტყვი ყველა იმ ბატონს და ქალბატონს, რომელიც ცდილობს დაიცვას ეს უკანონობა და რომელიც ცდილობს მე, ჩემს შვილებს, ჩემს თანამოქალაქეებს წაართვას ინფორმაციის თავისუფლების უფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება, წაართვას ქვეყანა და გადააქციოს ის ბანანის რესპუბლიკად, ჩვენ ამის უფლებას მათ არ მივცემთ.

მედიაექსპერტი ნინო დანელია მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებაზე.

კომენტარები