გაზპრომის კრიტიკის გამო, შესაძლოა, დიასპორის მინისტრის თანამდებობა გაუქმდეს

გელა დუმბაძე
დიასპორის სამინისტრო

შესაძლოა, დიასპორის მინისტრის თანამდებობა გაუქმდეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ამ თემაზე ქართული ოცნების უმრავლესობამ იმსჯელა, მათ შორის - პრემიერმინისტრთან, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. 

IPN-ის ინფორმაციით, ქართულ ოცნებაში ფიქრობენ, რომ "დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფლებამოსილებები საგარეო უწყების საქმიანობის ერთგვარი გამეორებაა და საკონსულო სამსახურის დუბლიკატს წარმოადგენს". ამასთან, უმრავლესობის წევრები არ მალავენ, რომ გაზპრომთან დაკავშირებით დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, გელა დუმბაძის მიერ დაფიქსირებული უარყოფითი პოზიცია არ მოეწონათ. 

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ გაზპრომთან დაკავშირებულ ამბებს ნეგატიურად აფასებს. მას საქართველოს ხელისუფლების გაზპრომთან მოლაპარაკებების შესახებ აზრი ტაბულას ჟურნალისტმა ჰკითხა. 

"პირდაპირ გეტყვით, გაზპრომთან დაკავშირებულ ამბებს ვაფასებ ნეგატიურად, როგორც პიროვნება. გეტყვით, რა ჭრილში - არასათანადო დონის განმარტებითი ინფორმაცია იყო, რომელსაც მოჰყვა სხვადასხვა ინსინუაციები და საქმის რეალური ვითარება ბოლომდე ვერავინ გაიგო. ეს უკვე ხელისუფლების მინუსია. მე, როგორც მისი ერთ-ერთი წევრი, ღიად ვაფიქსირებ, სტატიაც მაქვს დაწერილი სტალინიზმზე, რუსული პროპაგანდის გაძლიერებასთან დაკავშირებით - ეს არის უარყოფითი. მე არ მინდა, რომ 20-25 წელი ქართული ეროვნული მოძრაობის და ახალი სახელმწიფოსი ჩაიყაროს, ფუჭად წავიდეს. რაც შეეხება თოფაძეს, მეჭიაურს, ესენი არიან კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული ეპოქის შვილები - დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველას თანაბრად აქვთ აზრის გამოთქმის საშუალება. გაზპრომს რაც შეეხება, საქართველოს ნაწილი ოკუპირებულია, აღიარებულია ეს. მე არ დავიჭერდი იმ სახელმწიფოსთან არანაირ კავშირს, არ ვისურვებდი. როგორც აღნიშნეთ, ევროპაც ცდილობს, თავი დააღწიოს რუსულ წნეხს", - თქვა დუმბაძემ სტუდენტებთან შეხვედრაზე.

აღსანიშნავია, რომ ვიცეპრემიერმა, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გაზპრომთან დაკავშირებით დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოზიცია უარყოფითად შეაფასა და მას "გაკოტრებული პოლიტიკოსი" უწოდა. მისივე თქმით, "გელა დუმბაძემ უფრო მეტი უნდა წაიკითხოს იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც ენერგეტიკის სამინისტრომ და პრემიერმინისტრმა გააკეთეს".

კომენტარები