ლარი

ლარის განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაში 2016 წელს გამოვა

2016 წლიდან ეროვნული ბანკი მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის - ლარის განახლებულ ბანკნოტებს გამოუშვებს. ახალი ბანკნოტების პრეზენტაცია სებ-ის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ დღეს გამართა. 20, 50 და 100-ლარიანი ბანკნოტები ეტაპობრივად გამოვა და მიმოქცევაში იქნება წინა ემისიების ბანკნოტებთან ერთად. 

"ეს არის ლარის 20-წლიანი ისტორიის მანძილზე, ბანკნოტების დიზაინის პირველი მნიშვნელოვანი განახლება. ეს პროექტი აერთიანებს ფულის ნიშნების წარმოებასთან დაკავშირებულ რამდენიმე მნიშვნელოვან თარიღს, მოვლენას და ფაქტორს: პირველი, როგორც მოგეხსენებათ 2015 წელი ეროვნული ვალუტის საიუბილეო თარიღია, ეს იყო ახალი ეპოქა ქართული ფულის ისტორიაში, შესაბამისად, დიზაინის განახლებაც ამ მნიშვნელოვან თარიღს დავამთხვიეთ; მეორე, მოგეხსენებათ, ეროვნული ბანკი პერიოდულად ავსებს ფულის ნიშნების მარაგებს, რითიც ანაცვლებს მიმოქცევაში არსებულ უკვე გაცვეთილ და დაზიანებულ ფულის ნიშნებს ახალი ბანკნოტებით. მოცემული პერიოდისთვის სებ-ს მარაგების შევსება უწევდა, შესაბამისად, ეს იყო საუკეთესო დრო, ვინაიდან პროცესი არ მოითხოვდა დამატებით ფინანსურ რესურსს; მესამე ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა და ტექნოლოგიური პროგრესი - თავის დროზე ლარის ბანკნოტები საკმაოდ მაღალი სტანდარტის იყო და შესაბამისი იყო და პასუხობდა საერთაშორისო მოთხოვნებს, წლების მანძილზე მნიშვნელოვნად დაიხვეწა ბეჭდვის პროცესი, შეიქმნა უფრო ძლიერი დამცავი ნიშნები - სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, გვქონოდა განახლებული დიზაინის ფულის ნიშანი", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.


ფოტო: nbg.gov.ge

ლარის განახლებულ ბანკნოტებზე შენარჩუნებულია მათი თავდაპირველი თემატიკა, ამავდროულად, მათზე წარმოდგენილი ისტორიები გამრავალფეროვნებულია ცალკეული ახალი ელემენტებით. განახლებული 20, 50 და 100-ლარიანი ბანკნოტების დიზაინის ავტორი ბაჩა მალაზონიაა. 

"ამოცანა იყო თითქმის იგივე ინსტრუმენტებით ახლის გაკეთება. რამდენად გამოგვივიდა, ამასთან დაკავშირებით ყველა თქვენგანს გექნებათ თქვენი წარმოდგენა. მე შევეცადე, რომ ამ ხანგრძლივ პროცესში, რომელიც ორი წელი მიმდინარეობდა, მაქსიმალურად გამომეყენებინა ყველა თანამედროვე ტენდენცია, რაც კი არსებობს", - ამბობს დიზაინის ავტორი ბაჩა მალაზონია.


ფოტო: nbg.gov.ge

განახლებული ბანკნოტები დამზადებულია ისეთი მასალებისა და დამცავი მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც ზრდის მიმოქცევაში მათ მდგრადობას დაბინძურებისა და ბუნებრივი ცვეთისადმი. განახლდა ლარის ზომებიც. გამოყენებულია ნომინალების მიხედვით ბანკნოტების ზომების დიაგონალური, სიმეტრიული ზრდის პრინციპი. 


ფოტო: nbg.gov.ge

5 და 10-ლარიანი ბანკნოტების დიზაინის განახლებას სებ-ი მოგვიანებით გეგმავს. ახალი ბანკნოტების შესახებ დამატებითი ინფორმაციის ნახვა საიტ ganakhlebulilari.ge-ზე არის შესაძლებელი.

კომენტარები