კალაძე: გელა დუმბაძე გაკოტრებული პოლიტიკოსია

ტაბულა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე Gazprom-თან დაკავშირებით დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გელა დუმბაძის პოზიციას უარყოფითად აფასებს და მას "გაკოტრებულ პოლიტიკოსს" უწოდებს.

"კი, ჩვენდა სამწუხაროდ, არის გარკვეული კატეგორია ადამიანებისა, მე მათ გაკოტრებულ პოლიტიკოსებს ვუწოდებ, რომლებიც ცდილობენ, მოსახლეობას თავი რაღაცით მაინც შეახსენონ. თქვენ იცით, რომ მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნები მოდის და ხდება კონკრეტულად ამ თემის ირგვლივ გარკვეული მანიპულირება. ალბათ, უფრო მეტი უნდა წაიკითხოს იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც ენერგეტიკის სამინისტროს და, კერძოდ, მინისტრის მხრიდან იქნა გაკეთებული და ვფიქრობ, კითხვა არ დარჩება", - თქვა კალაძემ.

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე ქალაქ კრაკოვში მცხოვრებ სტუდენტებს შეხვდა. მას აზრი საქართველოს ხელისუფლების Gazprom-თან მოლაპარაკებების შესახებ ჰკითხეს.

"პირდაპირ გეტყვით, Gazprom-თან დაკავშირებულ ამბებს ვაფასებ ნეგატიურად, როგორც პიროვნება. გეტყვით, რა ჭრილში - არასათანადო დონის განმარტებითი ინფორმაცია იყო, რომელსაც მოჰყვა სხვადასხვა ინსინუაციები და საქმის რეალური ვითარება ბოლომდე ვერავინ გაიგო. ეს უკვე ხელისუფლების მინუსია. მე, როგორც მისი ერთ-ერთი წევრი, ღიად ვაფიქსირებ, სტატიაც მაქვს დაწერილი სტალინიზმზე, რუსული პროპაგანდის გაძლიერებასთან დაკავშირებით - ეს არის უარყოფითი. მე არ მინდა, რომ 20-25 წელი ქართული ეროვნული მოძრაობის და ახალი სახელმწიფოსი ჩაიყაროს, ფუჭად წავიდეს. რაც შეეხება თოფაძეს, მეჭიაურს, ესენი არიან კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული ეპოქის შვილები - დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველას თანაბრად აქვთ აზრის გამოთქმის საშუალება. Gazprom-ს რაც შეეხება, საქართველოს ნაწილი ოკუპირებულია, აღიარებულია ეს. მე არ დავიჭერდი იმ სახელმწიფოსთან არანაირ კავშირს, არ ვისურვებდი, როგორც აღნიშნეთ, ევროპაც ცდილობს, თავი დააღწიოს რუსულ წნეხს", - უპასუხა დუმბაძემ სტუდენტს.

კომენტარები