შუალედური არჩევნები 2015

საია მოუწოდებს საარჩევნო პროცესში მონაწილე პირებს, თავი შეიკავონ ძალადობისგან

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შუალედური არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის დამკვირვებლების ინფორმაციით, საგარეჯოს #42 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატისა და პატრიოტთა ალიანსის მაჟორიტარი კანდიდატის მომხრეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. საია-ს დამკვირვებელთა ცნობით, ინციდენტში დაახლოებით 7 ადამიანი მონაწილეობდა.

"დღის განმავლობაში ასევე, სავარაუდოდ, ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს ადგილი ჰქონდა საგარეჯოს #20-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზეც, რის გამოც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ წესრიგის დაცვისა და მოსალოდნელი პროვოკაციებისგან თავის არიდების მიზნით პოლიცია გამოიძახა.

მართალია, ორივე შემთხვევაში სავარაუდო ძალადობის ფაქტი არა საარჩევნო უბანში, არამედ მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, თუმცა, მსგავსი ფაქტები ქმნის დაძაბულობას და ხელს უშლის საარჩევნო პროცესების მშვიდ ვითარებაში წარმართვას", - ნათქვამია განცხადებაში.

საია მოუწოდებს საარჩევნო პროცესებში მონაწილე პირებს, მაქსიმალურად თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის ძალადობისგან, დაიცვან კანონი და მოთმინებით დაელოდონ როგორც კენჭისყრის პროცესის დასრულებას, ასევე საარჩევნო უბნებზე შედეგების შეჯამებას.

საია მოუწოდებს სამართალდამცველ ორგანოებს, მყისიერად აღკვეთონ ძალადობის ნებისმიერი ფაქტი და უზრუნველყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ ვითარებაში წარმართვა.

პარლამენტის შუალედური არჩევნების დასრულებამდე საათზე ნაკლები რჩება. არჩევნები საგარეჯოსა და მარტვილის ოლქებში ტარდება. საგარეჯოში მაჟორიტარობისთვის იბრძვიან თამარ ხიდაშელი (ქართული ოცნება), ირმა ინაშვილი (პატრიოტთა ალიანსი), ასევე საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი სამი კანდიდატი - ზურაბ ჯორბენაძე, მიხეილ ანდღულაძე და გიორგი დავითაია. რაც შეეხება მარტვილს, აქ სულ ორი კანდიდატია რეგისტრირებული - ეთერ მეძველია პატრიოტთა ალიანსიდან და სოსო დანელია ქართული ოცნებიდან. არჩევნების დასრულების შემდეგ გაირკვევა, 2016 წლის არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს რომელი 2 ახალი მაჟორიტარი დეპუტატი შეემატება.

კომენტარები