ეკონომიკური თავისუფლება

DOING BUSINESS-ის რეიტინგში საქართველოს პოზიცია ცხრა ადგილით გაუარესდა

globalteleforcesocial.com

Doing Business-ის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით 24-ე ადგილზე გავიდა. წინა წელთან შედარებით, მისი პოზიცია 9 ადგილით გაუარესდა. ანგარიშის მიხედვით, წინა წელთან შედარებით საქართველოში ბიზნესის დაწყება და კრედიტის აღება გართულდა. აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ რეიტინგში 20-ეულს მიღმა 2007 წელს იყო. 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით კი, საქართველოს სარეიტინგო ქულა გაუმჯობესებულია. "2016 წლის რეიტინგში საქართველო წინ უსწრებს 165 ქვეყანას, მათ შორის - პოლონეთს, შვეიცარიას, საფრანგეთს, ნიდერლანდებს, ესპანეთს, იაპონიას, ბელგიას, იტალიას, ლუქსემბურგს და ა.შ. მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, საქართველოს სარეიტინგო ქულა გაუმჯობესებულია 76.84-დან 77.45-მდე, რაც პროგრესის მაჩვენებელია. საქართველო კვლავ გამოირჩევა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, როგორც ქვეყანა, რომელმაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა უკეთესი და უფრო ეფექტიანი რეგულირების მიმართულებით“, - ამბობს მინისტრის მოადგილე.

საქართველო კვლავ მესამე ადგილზეა ქონების რეგისტრაციის სიმარტივით მსოფლიოში - ქონების რეგისტრაციისთვის მხოლოდ ერთი პროცედურის გავლა არის საჭირო, რასაც ერთი სამუშაო დღე სჭირდება. მსოფლიოში კი ქონების რეგისტრაციას საშუალოდ 6 პროცედურის გავლა და 21 სამუშაო დღე სჭირდება. 

Doing Business-ის ყოველწლიური ანგარიში არის მსოფლიო ბანკის გამოკვლევა, რომელიც საერთაშორისო ინვესტიციების წახალისებას და სხვადასხვა ქვეყანაში მეწარმეობის მხრივ არსებული ვითარების შესწავლას ისახავს მიზნად. 

 

კომენტარები