ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, იმ გამოკითხულთა 15%, ვინც არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას, ხმას ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მისცემდა. ხოლო 14% კოალიცია ქართულ ოცნებას. 5% კი, მხარს თავისუფალ დემოკრატებს დაუჭერდა. ასევე 5% აპირებს საქართველოს პატრიოტთა ალიანსისთვის მხარდაჭერას, 4% - ლეიბორისტული პარტიისთვის, 3% - ნინო ბურჯანაძის პარტიისთვის, 2% - სხვა.
ამასთან, გამოკითხულთა 31%-მა არ იცის, ხმას რომელ პარტიას მისცემდა. 11% პასუხზე უარს ამბობს. ხოლო 10% აცხადებს, რომ არც ერთ პარტიას არ დაუჭერს მხარს.
NDI-ის კვლევით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რესპონდენტთა 49% სავარაუდოდ მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას.
აღსანიშნავია, რომ 2015 წლის მაისში, იმ გამოკითხულთა 24%, რომელიც არჩევნებზე მისვლას აპირებდა, ქართულ ოცნებას დაუჭერდა მხარს, ხოლო 16% - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. 5% თავისუფალ დემოკრატებს უჭერდა მხარს, 4% - საქართველოს პატრიოტთა ალიანსს, ხოლო 3-3% ლეიბორისტულ პარტიას და "სხვას". 45% არცერთ პარტიას არ დაუჭერდა მხარს ან კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა. მაშინდელი კვლევის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე გამოკითხულთა 56% მივიდოდა.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 აგვისტო-10 სექტემბრის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით, 4448 ადამიანი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.





