საგარეო ვაჭრობა

სექტემბერში ექსპორტი 22.5%-ით შემცირდა

დავით მძინარაშვილი / REUTERS

საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ექსპორტი 22.5%-ით შემცირდა. სექტემბერში ექსპორტის მთლიანი მაჩვენებელი $186 მილიონი იყო. ექსპორტთან ერთად 0.1%-ით შემცირებულია იმპორტის მოცულობაც. სექტემბრის იმპორტის მაჩვენებელმა $724 მილიონი შეადგინა. ექსპორტის შემცირება ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. 

2015 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს ექსპორტმა სულ $1.6 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 24%-ით ნაკლებია. იმპორტის მოცულობა კი $5.6 მილიარდი იყო, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით 9%-ით ნაკლებია. იმპორტის შემცირებას უარყოფითთან ერთად დადებითი ეფექტებიც აქვს, რადგანაც ამ დროს ქვეყნიდან უფრო ნაკლები მოცულობის უცხოური ვალუტა გაედინება, თუმცა იმპორტის შემცირებას ქვეყანაში საერთო მოხმარების შემცირება იწვევს. 

იმპორტის შემცირება

საქსტატის მონაცემებით, იმპორტი 9%-ით არის შემცირებული, თუმცა ეს მონაცემი იმპორტის სრულ სურათს არ ასახავს, რადგანაც მასში გრანტით მიღებული პროდუქციაც შედის (მედიკამენტები, კავშირგაბმულობის აპარატები და სხვა), რეალურად კი ამ პროდუქციის შესაძენად საქართველოდან უცხოური ვალუტა არ გაედინება. წელს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Gilead-ისგან მიღებული გრანტით შემოიტანა C ჰეპატიტის საწინააღმდეგო თანამედროვე მედიკამენტები, რომლებიც იმპორტში საბაზრო ფასით ფორმდება, რაც იმპორტის მოცულობას ზრდის. ეროვნული ბანკის გაანგარიშებით, გრანტით მიღებული C ჰეპატიტის წამლების იმპორტის გარეშე, აპრილის თვიდან, ხუთთვიან პერიოდში, იმპორტის კლებამ 20 პროცენტი შეადგინა. ამ წამლების იმპორტის გამო წელს მედიკამენტების იმპორტის მოცულობა 2.12-ჯერ არის გაზრდილი. 

სავაჭრო ბალანსი

საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-სექტემბერში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა $4 მილიარდი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანამ იმპორტის დასაფინანსებლად სხვადასხვა წყაროდან დამატებით $4 მილიარდი უნდა მოიზიდოს. დღეისათვის კი ის წყაროები, რომლითაც უარყოფითი სავაჭრო ბალანსის დაფინანსება უნდა მოხდეს, შემცირებულია. ეროვნული ბანკის მონეტარულო პოლიტიკის ანგარიშის მიხედვით, ეს უარყოფითი ფაქტორები ლარის კურსში უკვე ასახულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანკი საშუალოვადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვან რყევას არ ელოდება.  

კომენტარები