თეორემა

უკან მომავალში: რუსული გაზის 41 ელფერი

იმ პირობებში, როდესაც ინტერნეტი სულ უფრო მეტად ურთულებს ავტორიტარ მმართველებს ინფორმაციის კონტროლს, ისინი ამომრჩევლის დაბნევის ტაქტიკას მიმართავენ - ეს ტაქტიკა ეფუძნება იმას, რომ არ უნდა არსებობს ობიექტური სიმართლე, უნდა გავრცელდეს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია კონკრეტული ფაქტის შესახებ და წყალი იქამდე უნდა აიმღვრეს, სანამ ამომრჩეველი ობიექტური სიმართლის დადგენაზე ხელს არ ჩაიქნევს.

ასე მოქმედებს პუტინი საინფორმაციო ომში თავისუფალ სამყაროსთან.

ამ დღეებში გამოჩნდა, რომ მართალია კარიკატურულად, მაგრამ მაინც პუტინის ხელწერას იყენებს ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გაზპრომთან საქართველოს ენერგომომარაგებაზე მოლაპარაკებები წამოიწყო.

ჩვენ ამ ფაქტის შესახებ შესაძლოა ვერ გაგვეგო, რომ არა აზერბაიჯანული და რუსული მედია. თუმცა მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა, ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები რიგ-რიგობით ალაპარაკდნენ იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ენერგომომარაგების დივერსიფიკაცია და გვამშვიდებდნენ, რომ მილში გაზს ბომბი არ გამოყვება.

ამ ამბავს საზოგადოების პროტესტი მოყვა. დაიგეგმა აქცია, რომელიც 17 ნოემბერს, 16 საათზე მთავრობის კანცელარიასთან გაიმართება.

საზოგადოების პროტესტით შეშფოთებული პრემიერი, აზერბაიჯანში გაიქცა მოულოდნელი, როგორც თვითონ ამბობს "მეგობრული" ვიზიტით, იქიდან დაბრუნებულმა კი, მისი თანაგუნდელების საუბარს დივერსიფიკაციაზე აბსურდი უწოდა და გაზპრომის გარშემო ატეხილი აურზაური - ქართული ოცნების საუკეთესო ტრადიციებში - ოპოზიციას დააბრალა.

რაც დრო გადის, NDI-ს სოციოლოგიური კვლვების გარეშეც უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ დემოკრატიის პირობებში ივანიშვილი არჩევნები მოგებას ვერ შეძლებს. ის ფაქტობრივად პოლიტიკური ბანკროტია.
სწორედ ამით აიხსნება ხელისუფლების მცდელობა ნებისმიერ ფასად გაანეიტრალოს რუსთავი 2.

დასავლელი დიპლომატების არაორაზროვანი მინიშნებები ცხადყოფს, რომ ხელისუფლების მიერ კრიტიკული მედიის განადგურებას ქვეყნის საერთაშორისო იზოლაცია მოყვება. ამ ვითარებაში, ივანიშვილი ხელისუფლების შენარჩუნებას რუსეთის მხარდაჭერის გარეშე ვეღარ შეძლებს. რუსეთის მხარდაჭრის ფასი კი აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა, აზერბაიჯანული მილსადენის პროექტის ჩაშლა და გაზპრომის შემოშვება იქნება.

თუ ეს ვარაუდი მართალია, მაშინ ჩვენ სულ მალე ვნახავთ როგორ გადაუფორმებს სასამართლო რუსთავი ორს ქიბარ ხალვაშს.

კომენტარები