პრემიერი: აზერბაიჯანის გაზის ჩანაცვლებაზე საუბარი არ მიდის

პირველ რიგში, მე ყველას გთხოვთ, რომ არაფრის დრამატიზება არ არის საჭირო. პირველი, თუ რატომ ვიყავი ბაქოში, ეს არის ძალიან ჩვეულებრივი სამუშაო, მეგობრული შეხვედრა პრეზიდენტ ალიევთან. მე დიდი ხანია არ მქონდა შესაძლებლობა, რომ მენახა პრეზიდენტი ალიევი. მეგობრული მონახულების ვიზიტი იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმსჯელეთ ქვეყნებს შორის არსებულ ძალიან მჭიდრო მეგობრულ, სტრატეგიულ ურთიერთობების თაობაზე, ასევე ვიმსჯელეთ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავებაზე. მე გთხოვთ, რომ ამ საკითხის ირგვლივ სპეკულაციები დასრულდეს, ვინაიდან ეს აზიანებს, ზოგადად, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებს. არავითარი გადახედვა არ იგეგმება აზერბაიჯანთან, სტრატეგიული ურთიერთობები იყო, არის და დარჩება ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ჩვენი მთავრობის, ჩვენი სახელმწიფოსი. ჩვენ გვაქვს და გვექნება მომავალშიც ძალიან მჭიდრო მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობა აზერბაიჯანთან. როგორ შეიძლება, რომ პოლიტიკოსმა იფიქროს აზერბაიჯანთან პოლიტიკის გადახედვაზე, ეს არის სრული აბსურდი. საერთოდ, მე გაკვირვებული ვარ, ასეთ აბსურდულ თემებს როგორ იგონებენ ჩვენი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ეს მათი პასუხისმგებლობის თემაა, მაგრამ მე გეტყვით, რომ ჩვენ აზერბაიჯანთან გვაქვს ძალიან მჭიდრო სტრატეგიული ხასიათის ურთიერთობა და მეგობრობა, რაც მთავარია. არავითარ დივერსიფიკაციაზე, აზერბაიჯანის გაზის ჩანაცვლებაზე საუბარი არ მიდის, ეს არის სრული აბსურდი, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. მე გთხოვთ, რომ მოსახლეობა ნუ შეგყავთ შეცდომაში. ასე რომ, ყველაფერი არის ძალიან კარგად და მე გთხოვთ ყველას, უფრო მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ მაშინ, როდესაც ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ხალხს ვესაუბრებით

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანულ გაზზე.

კომენტარები