არჩევნები ფეხბურთის ფედერაციაში

ფეხბურთის ფედერაციის არჩევნების დახურული შეხვედრის ფარული ჩანაწერი

ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებთან დაკავშირებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გივი თარგამაძე ფარულ ჩანაწერს ავრცელებს. ვიდეოში, რომელიც ჰოლიდეი ინნ-შია გადაღებული, რევაზ არველაძე უეფა-ს ვიცე პრეზიდენტს გრიგორი სურკისს და არჩევნების დელეგატებს ესაუბრება. არველაძის თქმით, მისი მხარდამჭერი დელეგატის გეგი გობეჯიშვილის გათავისუფლების შემთხვევაში, არჩევნების ნებისმიერი შედეგი მისთვის მისაღები იქნება

"ეს არის კადრები, რომლებიც ასახავს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობის დაწყებამდე უეფას დელეგატის, უეფას ვიცეპრეზიდენტის დახურულ შეხვედრას რეზო არველაძესთან და მის მხარდამჭერებთან. არველაძე აყალიბებს თავის წინადადებას, რომლის მიხედვითაც თავისი დაჭერილი დელეგატის გათავისუფლების სანაცვლოდ კიდევ ორი დელეგატის უფლებამოსილებაზე ფარულ კენჭისყრას თანხმდება, ანუ, ფაქტობრივად, ამ ორ დელეგატს და შესაბამისად, გამარჯვებასაც თმობს და ამ წინადადების მთავრობასთან შეთანხმებას სწორად სურკისი თაობს. იღებს თავის თავზე. მარტივად რომ ვთქვათ, ფედერაციის არჩევნებში უხეშად ჩარეული მთავრობა კალაძის სახით დაჭერილი კაცით ვაჭრობს და ამ ვაჭრობაში უეფას ვიცეპრეზიდენტიც მონაწილეობს. ვფიქრობ, სრულებით საკმარისია იმისათვის, რომ სურკისს ბლატერისა და პლატინის კვალდაკვალ უფლებამოსილება შეუჩერონ, არჩევნების შედეგი კი გაუქმდეს. შეგახსენებთ, სურკისი კალაძესთან მეგობრობს უკრაინული ცხოვრების დროიდან და ისევე მიდრეკილია დანაშაულებრივი სამყაროთი აღფრთოვანებისკენ, როგორც ჩვენი ვიცეპრემიერი" - წერს გივი თარგამაძე Facebook-ში.

ცნობისთვის, 3 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი აირჩიეს. საარჩევნო პროცესი შეხლა-შემოხლისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. წინა ღამით დააკავეს რეზი არველაძის მხარდამჭერი დელეგატი გეგა გობეჯიშვილი. მთელი დღის მანძილზე არველაძის მხარდამჭერები მის გათავისუფლებას მოითხოვდნენ, თუმცა გათავისუფლებულ გობეჯიშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს. საბოლოოდ, ლევან კობიაშვილის პრეზიდენტობას 18-მა დელეგატმა, არველაძეს კი - 15-მა დაუჭირა მხარი.

კომენტარები