თეორემა

გაზპრომი - თავისუფლების გაზის კამერა

დაპირებული განახევრების ნაცვლად ოქტომბრიდან კომუნალური მომსახურებისათვის გაძვირებულ გადასახადს ვიხდით. თანაც, როგორც ირკვევა, უახლოეს მომავალში ეს გადასახადები შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს.

ამის მიზეზი ქართული ენერგეტიკის რუსეთზე გადაორინტირებაა. მინისტრი ცოტა ხნის წინ გაზპრომის გენერალურ დირქტორს, ალექსეი მილერს შეხვდა. დღეს კი რუს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გამოაცხადა, რომ "თუკი GAZPROM-ისგან მეტ რუსულ გაზს წამოვიღებთ, ეს ძალიან კარგი იქნება".

მინისტრმა იმაზეც ისაუბრა, თითქოს აზერბაიჯანთან ბუნებრივი აირის გარკვეული მოცულობების მოწოდებაზე პრობლემებია. კალაძეს არ დაუკონკრეტებია რა პრობლემები შეიქმნა აზერბაიჯანთან, თუმცა ცოტა ხნის წინ, როდესც სოკარის დაჯარიმების გამო აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობებს შორის ურთიერთობების გაფუჭების შესახებ ხმები გავარდა, ვიცე პრემიერმა ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.

გარდა ამისა, ზერბაიჯანის განსაკუთრებულ უკმაყოფილებას აფხაზეთის გავლით რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლისათვის მზადება იწვევს. რკინინიგზის აღდგენითი სამუშაოები, როგორც ცნობილია, სრული დატვირთვით მიდის, რასაც სამწუხაროდ ვერ ვიტყვით ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობაზე. როგორც ჩანს, აზერბაიჯანის მთავრობას უჭირს დაიჯეროს შერიგების მინისტრ ზაქარეიშვილის მტკიცება, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პრინციპული პოლიტიკის შედეგად რუსები ოკუპირებულ ტერიტორიაში გამოკეტილები არიან და გარეთ ცხვირს არ ყოფენ.

ნუ გამოვრიცხავთ იმას, რომ გაზპრომთან მოლაპარაკებებით ქართული ოცნება ემზადება ბაქოს მწვავე რეაქციისათვის, რაც აუცილებლად მოყვება აფხაზეთის რკინიგზის აღდგენას.

სხვაგვარად უბრალოდ გაუგებარია, იაფი და სტაბილური აზერბაიჯანული გაზის ნაცვლად ლამის ორჯერ ძვირი და არასტაბილური რუსული გაზი რად უნდა გვინდოდეს? გარდა ამისა, ბავშვმაც კი იცის, რომ რუსეთისთვის გაზი მხოლოდ საექსპორტო პროდუქტი არ არის, ის გეოპოლიტიკური იარაღია და რუსეთზე დამოკიდებულების გაზრდით საფრთხე ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობას ექმნება.

ამის პარალელურად ბიზნესსა და მოსახლეობაში პესიმიზმი იზრდება. 2016 წელს კიდევ უფრო დაბალ ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობს ჟურნალ ეკონომისტის ანალიტიკური ჯგუფი - თუ ცნობილი გამოცემის ვებგვერდს ესტუმრებით, ნახავთ რომ 2016 წელს გამოცემა საქართველოში არაუმეტეს ერთნახევარ პროცენტ ეკონომიკურ ზრდას ელოდება.

კომენტარები