IPN: Gazprom-თან ქართული მხარის მორიგი შეხვედრა უახლოეს ხანში გაიმართება

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძესა და Gazprom-ის წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება. ამის შესახებ ინტერპრესნიუსს გაზპრომიდან აცნობეს. "შეხვედრები რეგულარულად იმართება და ახალი შეხვედრა უახლოს მომავალშია დაგეგმილი", - განაცხადეს კომპანიაში.

ინტერპრესნიუსის ცნობით, კითხვაზე, კონკრეტულად რა საკითხებზე იქნება მსჯელობა, Gazprom-ში განაცხადეს, რომ შედეგები მხოლოდ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

"ჩვენ მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებთ. ამიტომ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას მხოლოდ შედეგების მიღების შემდეგ შევძლებთ", - განმარტეს კომპანიაში.

ამასთანავე, Gazprom-ში განაცხადეს, რომ საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდების გარდა, კალაძესა და "გაზპრომს" შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის მოცულობის გაზრდის შესახებ.

გუშინ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ 25 სექტემბერს ბრიუსელში Gazprom-ის გენერალურ დირექტორ ალექსეი მილერთან გამართულ შეხვედრაზე თქვა, რომ მან და მილერმა სომხეთის მიმართულებით ბუნებრივი აირის ტრანზიტის დეტალების გარდა, საქართველოში დამატებითი რუსული ბუნებრივი აირის იმპორტირების გეგმებიც განიხილეს. კალაძის თქმით, კარგი იქნება, თუკი საქართველო რუსეთიდან დამატებით მოცულობებს წამოიღებს. 

"ბრიუსელში Gazprom-ის წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრა მქონდა. ასეთი შეხვედრა პირველი არ ყოფილა, ჩვენ წლების განმავლობაში კარგი, მეგობრული ურთიერთობები გვაქვს, ამ თვალსაზრისით. ეს იყო სამუშაო ტიპის შეხვედრა, რომელზეც საუბარი გაიმართა მილსადენით ქვეყანაში ტრანზიტის გაზრდაზე. ჩვენთვისაც პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ეს მიმართულება იყოს დატვირთული და ტრანზიტი იყოს გაზრდილი. შეხვედრაზე საუბარი იყო ასევე იმაზეც, რომ კერძო კომპანიებს მიეცეთ საშუალება, რუსეთიდან ბუნებრივი აირი შემოიტანონ", - განაცხადა კალაძემ.

"თუ მოვახერხებთ რუსეთიდან დამატებითი მოცულობების წამოღებას, ეს ძალიან კარგი იქნება. როგორც იცით, ჩვენთვის ძირითადი მომწოდებელი აზერბაიჯანია, თუმცა რაღაც მოცულობებზე არის გარკვეული პრობლემები. თუ ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ რუსეთიდან შესაძლებელი იქნება დამატებითი მოცულობების წამოღება, რასაკვირველია, კონკურენტუნარიან ფასებში, რომელიც გაუწევს კონკურენციას აზერბაიჯანიდან მოწოდებულ ბუნებრივ არის, ეს ძალიან კარგი იქნება", - თქვა კალაძემ.

კომენტარები