ალტერნატიული ენერგია

მთავრობა საცხოვრებელი კორპუსების სახურავებზე მზის პანელების დაყენებას გეგმავს

fluor.com

მთავრობა თბილისის საცხოვრებელი კორპუსების სახურავებზე მზის ელექტროსადგურების მოწყობას გეგმავს. აღნიშნულ ინიციატივაზე პრემიერმინისტრის მიერ გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ისაუბრეს. მთავრობისა და ეკონომიკური საბჭოს წევრებს მიაჩნიათ, რომ ეს ნაბიჯი ქვეყნის ენერგოეფექტურობის გაზრდას შეუწყობს ხელს და მოსახლეობას ხელმისაწვდომი ენერგიით უზრუნველყოფს. 

ამ დროისთვის უცნობია თუ რა იქნება აღნიშნული ინიციატივის ღირებულება და რამდენი სახლის სახურავი დაიფარება მზის პანელებით. ასევე უცნობია, იქნება თუ არა ეს პროექტი ნებაყოფლობითი და მის დაფინანსებაში ჩაერთვებიან თუ არა უშუალოდ იმ კორპუსის მცხოვრებლები, რომელთა სახურავზეც მთავრობა პანალების დაყენებას გეგმავს. 

მზის პანელის ეკონომიკური ეფექტურობა მრავალ კომპონენტზეა დამოკიდებული, მათ შორის: პანელის ექსპლოატაცის ხანგრძლივობაზე, გამომუშავებული ენერგიის საფასურზე, კლიმატსა და კონვენციური ენერგიის ღირებულებაზე. თუკი მომხმარებლებს კონვენციური (ჰიდროენერგეტიკა, თბოსადგურები) წყაროებიდან უფრო იაფად შეუძლიათ ენერგიის მიღება, მაშინ მზის პანელები შედარებით წაგებიან ინიციატივას წარმოადგენს. 

მთავრობა, ალტერნატიული ენერგიის ხელშეწყობის მიზნით, გორის მახლობლად EBRD-ის $20- მილიონიანი სესხით ქარის ენერგოსადგურის საპილოტე პროექტს უკვე აშენებს. მომავალში ქარის ენერგიის უფრო ფართო ათვისებაც იგეგმება. 

კომენტარები